logo
ENG



ზელენსკი: ჩვენი სამიზნეა რუსეთის უნარი, დააფინანსოს ეს ომი

23 სექ 202623:09
3 წუთის საკითხავი
 
2026/09/23/pt1jecjmwarklqb.jpeg

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას ვლადიმერ პუტინს, „ნულოვანი პაციენტი“ უწოდა და აღნიშნა, რომ რაც უფრო მეტი სამოქმედო თავისუფლება აქვს მას, „მით უფრო სახიფათო ხდება მსოფლიო ყველასთვის“.

ზელენსკის თქმით, წარმოუდგენელია რუსეთის ლიდერი ომის გარეშე: “შეგიძლიათ წარმოიდგინოთ ის ომის გარეშე? ის არის ნულოვანი პაციენტი - პირი, საიდანაც ეს ომის იდეა მუდმივად ვრცელდება. და სადაც არ უნდა გავრცელდეს ის, მხოლოდ ტკივილს, არასტაბილურობას, ახალ რისკებს და, რა თქმა უნდა, ახალ კრიზისებს იწვევს“.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, პუტინს უნდა წაერთვას სამოქმედო სივრცე და „ამ ბოროტების შემდგომი გავრცელების“ შესაძლებლობა.

„ისტორიაში პირველად გვესმის, რომ რუსეთის სიამაყე — ნავთობინდუსტრია — სულს ღაფავს. ჩვენი სამიზნეა რუსეთის უნარი, დააფინანსოს ეს ომი, გააჭიანუროს ის და გახადოს უფრო სასტიკი და დამანგრეველი. რუსეთის ფინანსები და რუსული წარმოება სწორედ ისაა, რაც უნდა შეჩერდეს, თუ გვსურს, რომ პუტინი შევაჩეროთ“, - განაცხადა მან.

გარდა იმისა, რომ პუტინი უკრაინის დონეცკის ოლქის მიტაცებას ცდილობს, ზელენსკის თქმით, მას ქვეყნის სხვა ქალაქებიც სურს და ამავდროულად ევროპულ სახელმწიფოებს ემუქრება.

„რუსეთს პრეტენზიები აქვს ჩვენს მეზობელ მოლდოვაზე. ის მუდმივად ემუქრება პოლონეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებს“, — აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

მან მოუწოდა საერთაშორისო თანამეგობრობას უკრაინისადმი მუდმივი მხარდაჭერისკენ და ხაზი გაუსვა მოლაპარაკებების მნიშვნელობას.

„დიახ, შეიძლება ზოგჯერ ისე ჩანდეს, თითქოს უკრაინა მხოლოდ ომზეა ორიენტირებული, რადგან ჩვენ ვსაუბრობთ იარაღზე, თავდაცვასა და აგრესორის წინააღმდეგ სანქციებზე. მაგრამ უკრაინელებს ეს ომი არ აურჩევიათ. ჩვენ ვირჩევთ არ დავიხოცოთ, არ დავკარგოთ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ოჯახები, არ დავკარგოთ ჩვენი დამოუკიდებლობა და თავისუფლება“, - განაცხადა ზელენსკიმ.

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ომს აგრძელებს, მისი ბიუჯეტის დეფიციტი უფრო დიდია, ვიდრე წინა წლებში ნებისმიერ დროს, ხოლო რუსეთის რეგიონების უმეტესობა გაკოტრებულია. მან ასევე დასძინა, რომ ამ ზაფხულს ფრონტის ხაზზე რუსეთის ყველა ძირითადი ოპერაცია ჩაიშალა.


close დახურვა