აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ ტიმოთი კელიმ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას დაავალა, CNN-ის, MS NOW-ისა და Politico-ს ჟურნალისტებს თეთრ სახლში შესვლის უფლება დაუყოვნებლივ აღუდგინოს.
კელის განცხადებით, ჟურნალისტებისთვის აკრედიტაციების გაუქმებისას ადმინისტრაციამ კონსტიტუციით გათვალისწინებული სათანადო პროცედურები არ გაიარა, მათ შორის, გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობის შესახებ ჟურნალისტებს დროულად არ აცნობა.
ტრამპმა სამი მედიასაშუალების თეთრ სახლში დაშვება 19 სექტემბერს აკრძალა და ისინი „ყალბი ამბების“ გავრცელებაში დაადანაშაულა.
CNN-მა, MS NOW-მა და Politico-მ გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრეს. ადმინისტრაციის წარმომადგენლები ამტკიცებდნენ, რომ აკრძალვა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებს უკავშირდებოდა და პრეზიდენტს თეთრ სახლში ჟურნალისტების დაშვების განსაზღვრის უფლება აქვს.
მოსამართლემ ეს არგუმენტები არ გაიზიარა და დაასკვნა, რომ მედიასაშუალებებს სასამართლოში საქმის მოგების მნიშვნელოვანი საფუძველი აქვთ.
