უკრაინის პრეზიდენტის ოფისი უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, ვოლოდიმირ ზელენსკის პუტინთან შესახვედრად მოსკოვში ჩასვლა სთხოვა და ამის შესახებ უარი მიიღო.
კომუნიკაციების საკითხებში უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა, დმიტრი ლიტვინმა განაცხადა, რომ ეს მცდარი ინფორმაციაა.
მანამდე, გამოცემა Bloomberg-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომ 22 სექტემბერს ნიუ-იორკში შეხვედრის დროს დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის მოსკოვში ჩასვლა სთხოვა, რათა ომის დასრულებაზე რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებებში მონაწილეობა მიეღო. გამოცემის ცნობით, ზელენსკიმ დონალდ ტრამპის წინადადება უარყო.
მიმდინარე კვირაში, ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის მიმდინარეობისას აშშ-ს პრეზიდენტთან შეხვედრები ზელენსკიმაც და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმაც, სერგეი ლავროვმაც გამართეს. აშშ საწვავის ფასების ზრდის ფონზე ორივე მხარეს ენერგეტიკულ ობიექტებზე ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადებისკენ მოუწოდებს, თუმცა შეთანხმება არ მიღწეულა. ზელენსკის თქმით უკრაინა ასეთი შეთანხმებისთვის მზადაა იმ შემთხვევაში, თუ ის ორმხრივი იქნება.
შეხვედრის შემდეგ ზელენსკიმ განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება უკრაინისთვის გაეცა ლიცენზიები "Patriot"-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის განკუთვნილი რაკეტების წარმოებაზე.
ზელენსკის თქმით, აშშ უკრაინას, რუსეთსა და ამერიკულ მხარეს შორის არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ტექნიკური შეხვედრის გამართვის წინადადებითაც გამოვიდა და ამ ეტაპზე კიევი შეხვედრის თარიღთან დაკავშირებით ვაშინგტონის წინადადებას ელოდება.
