logo
ENG



პენიტენციური: მსჯავრდებულების დეესკალაციის საკნებში გადაყვანა არ უკავშირდება გიორგი დავითაძისთვის სოლიდარობას

05 ოქტ 202615:43
3 წუთის საკითხავი
 
2026/10/05/760127lncc8ub2q.png
პენიტენციური სამსახური ეხმიანება მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის დედის მიერ სახალხო დამცველის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ №6 პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე გაკეთებულ განცხადებას, რომ მსჯავრდებული გიორგი დავითაძე სამოქალაქო სექტორის კლინიკა „ვივამედში“ არ გადავა იქამდე, სანამ იმ მსჯავრდებულებს, რომლებმაც, მისი განცხადებით, დავითაძეს სოლიდარობა გამოუცხადეს, დეესკალაციის საკნებიდან არ გამოიყვანენ.
 
განცხადებაში აღნიშნულია, რომ მე-6 დაწესებულებაში მსჯავრდებულების დეესკალაციის საკნებში გადაყვანა არ ყოფილა დაკავშირებული გიორგი დავითაძის მიმართ სოლიდარობის გამოხატვასთან.
 
პენიტენციურის ცნობით, მათი დეესკალაციის საკნებში გადაყვანა მოხდა კანონმდებლობის მოთხვნათა შესაბამისად, როგორც უშუალოდ მსჯავრდებულების, ისე სხვა პირთა (დაწესებულების თანამშრომლები) უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით.
 
"სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ მსჯავრდებულ დავითაძის დედის მიერ გავრცელებული აღნიშნული ინფორმაცია არის სიცრუე.
 
კერძოდ, 2026 წლის 2 ოქტომბერს, 22:14 საათზე, ბ. ჭ-მ №6 დაწესებულების დირექტორის მოადგილე დავით ნიკოლაიშვილს საკანში შესვლის მცდელობისას მუცელში ფეხი ჩაარტყა. ამავე დაწესებულებაში 2026 წლის 4 ოქტომბერს, 20:22 საათზე, მსჯავრდებულებმა ჯ. ჯ-მა და ვ.თ-მა სეირნობიდან დაბრუნებისას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს დაწესებულების თანამშრომლებს.
 
აქვე განვმარტავთ, რომ პენიტენციური სამსახურის თანამშრომელზე თავდასხმა წარმოადგენს მძიმე სისხლის სამართლის დანაშაულს და სამსახური არ დაუშვებს თანამშრომელთა მიმართ ძალადობისა და თავდასხმის არცერთი ფაქტის უგულებელყოფას. თითოეულ ასეთ შემთხვევას მოჰყვება შესაბამისი სამართლებრივი შეფასება და კანონით გათვალისწინებული რეაგირება.
სწორედ ზემოაღნიშნულის გამო განთავსდნენ მსჯავრდებულები დეესკალაციის საკნებში და ეს ფაქტი არანაირად არ უკავშირდება მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის მიმართ გამოცხადებულ სოლიდარობას, როგორც ამის წარმოჩენას მისი ოჯახის წევრები ცდილობენ.
 
კიდევ ერთხელ განმარტავთ, რომ დაწესებულებაში ნებისმიერი გადაწყვეტილება მიიღება პენიტენციური კოდექსის, დაწესებულების დებულებისა და დღის განრიგის შესაბამისად. ამიტომ დაუშვებელია აღნიშნული გადაწყვეტილებების ერთმანეთთან დაუსაბუთებლად დაკავშირება", - ნათქვამია განცხადებაში.
 
პენიტენციური სამსახური ინციდენტის ამსახველ კადრებსაც ასაჯაროებს.
 
მანამდე, პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსთავის N6 პენიტენციური დაწესებულების პატიმარმა, გიორგი დავითაძემ, რომელიც ბადრაგებს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებდა, "გაურკვეველი მცირე საგანი" გადაყლაპა. 

სახალხო დამცველის აპარატის განცხადებით, ომბუდსმენის რწმუნებულებმა მოინახულეს მსჯავრდებული გიორგი დავითაძე და ის პატიმრები, რომლებიც "დავითაძის მიმართ განხორციელებულ ქმედებებს" აპროტესტებდნენ.

მათი ინფორმაციით, მსჯავრდებული თავს კარგად გრძნობს, აღნიშნული გადაწყვეტილება არის პროტესტის ფორმა და უარს ამბობს კლინიკაში გადაყვანაზე, სანამ მისი მხარდაჭერისათვის დეესკალაციის ოთახებში გადაყვანილ პატიმრებს საკნებში არ დააბრუნებდნენ.

ცნობისთვის, რუსთავის N6 პენიტენციური დაწესებულების პატიმარმა, გიორგი დავითაძემ სააპელაციო სასამართლოში გამართულ პროცესზე თქვა, რომ მასზე ბადრაგებმა სექსუალურად იძალადეს.

 


close დახურვა