„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მიუსაფარი ძაღლების მიმართ ხელისუფლების პოლიტიკას ეხმაურება და აცხადებს, რომ ცხოველების დაჭერის, დახოცვისა და სპეციალურ სამარხებში დამარხვის პრაქტიკა როგორც საერთაშორისო სტანდარტებს, ისე საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს ეწინააღმდეგება.
ორგანიზაცია განცხადებას „ნოდარ მელაძის შაბათის“ 31 ოქტომბრის სიუჟეტის შემდეგ ავრცელებს. სიუჟეტში ნაჩვენებია კადრები, რომლებშიც, გადაცემის ინფორმაციით, ხელისუფლების მითითებით მიუსაფარ ძაღლებს იჭერენ, კლავენ და სპეციალურად მოწყობილ სამარხებში მარხავენ.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ შეფასებით, მიუსაფარი და მიკედლებული ცხოველების საცხოვრებელი ადგილებიდან გაყვანისა და უკან არდაბრუნების პრაქტიკა კანონმდებლობასა და საერთაშორისო სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ორგანიზაცია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ჯანმრთელი, არააგრესიული და ვაქცინირებული ძაღლების დახოცვა ევთანაზიის სამართლებრივ ჩარჩოებში ვერ თავსდება.
ორგანიზაციის განცხადებით, ხელისუფლების მიერ არჩეული მიდგომა მიუსაფარი ცხოველების პრობლემას ვერ აგვარებს, რადგან მათი განადგურება ჰიპერპოპულაციის გამომწვევ მიზეზებს არ აღმოფხვრის. ტერიტორიებზე კვლავ გამოჩნდებიან ადამიანების მიერ მიტოვებული ახალი ცხოველები.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ პრობლემის სისტემური გადაჭრის გზად პატრონიანი ცხოველების გამრავლების კონტროლს, სტერილიზაციის პროგრამების გაფართოებასა და პრევენციული ღონისძიებების გატარებას მიიჩნევს.
ორგანიზაცია „ნოდარ მელაძის შაბათის“ სიუჟეტში წარმოდგენილი ინფორმაციისა და მტკიცებულებების საფუძველზე მოითხოვს:
ფაქტებზე სწრაფი, ეფექტიანი და დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარებას.
თავშესაფრებში თითოეული ცხოველის მიღების, მკურნალობისა და გაშვების შესახებ ჩანაწერების გასაჯაროებას.
ცხოველთა თავშესაფრების დამოუკიდებელ ინსპექტირებას.
განცხადებაში ორგანიზაცია ცხოველების მიმართ დამოკიდებულებას სახელმწიფოს ინსტიტუციურ პასუხისმგებლობასაც უკავშირებს და იმოწმებს იმ მოსაზრებას, რომ ცხოველის მიმართ სისასტიკე მხოლოდ ადამიანის პიროვნულ თვისებებს კი არა, სახელმწიფოს ინსტიტუტების ხასიათსაც წარმოაჩენს.
„რამდენად ემორჩილება სახელმწიფო საკუთარ კანონებს, რამდენად გამჭვირვალეა მის მიერ განხორციელებული ზომები და როგორ ეპყრობა ის მათ, ვისაც ხმის ამოღება არ შეუძლია“, — აღნიშნულია განცხადებაში.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მიიჩნევს, რომ მიუსაფარი ცხოველების პრობლემის მოგვარება მათი განადგურებით კი არა, კანონიერ, ჰუმანურ და გრძელვადიან პოლიტიკაზე დაფუძნებული ღონისძიებებით უნდა მოხდეს
