უკრაინის მასშტაბური საპასუხო თავდასხმა განხორციელდა რუსეთის ტერიტორიაზე არსებულ სტრატეგიულ და სამხედრო ობიექტებზე.
უკრაინულმა დრონებმა და რაკეტებმა დარტყმები რამდენიმე რეგიონში, მათ შორის სარატოვსა და ორიოლში მიიტანეს.
უკრაინული დრონების თავდასხმის შედეგად ხანძარი გაჩნდა "როსნეფტის" სარატოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში. ქალაქში რამდენჯერმე ჩაირთო საჰაერო განგაშის სირენები.
სამხედრო დანიშნულების საწარმო დაიბომბა ორიოლის ოლქშიც. მასირებული საჰაერო იერიშის შედეგად, ცეცხლი გაუჩნდა ქარხანა "პროტონ-ელექტროტექსს". ქარხანა აწარმოებს კომპონენტებს, რომლებსაც რუსული არმია სამხედრო ტექნიკასა და შეიარაღებაში, მათ შორის "ისკანდერისა" და "პანცირის" ტიპის სარაკეტო კომპლექსებში იყენებს.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ წუხელვე ხანძარი გაჩნდა დონის როსტოვში მდებარე სამხედრო ქარხანა "ალმაზის" მიმდებარე სასაწყობო ტერიტორიაზეც. ადგილზე საგანგებო სამსახურები მუშაობენ.
