logo
ENG



გიორგი ზურაბაშვილმა და პაველ ჰერჩინსკიმ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები განიხილეს

26 ნოე 202618:15
3 წუთის საკითხავი
 
2026/11/26/wfvnhr372cbb3mt.png

გიორგი ზურაბაშვილმა საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელთან, ელჩ პაველ ჰერჩინსკისთან შეხვედრა გამართა. ინფორმაციას ,,ოცნების" საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე ზურაბაშვილმა ყურადღება გაამახვილა საქართველოსთან დაკავშირებით ევროპარლამენტში გამართულ დებატებსა და მიღებულ მორიგ რეზოლუციაზე. ქართული მხარის შეფასებით, აღნიშნული დოკუმენტი საქართველოს შესახებ ყალბი ნარატივების გასავრცელებლად გადადგმული კიდევ ერთი მიზანმიმართული ნაბიჯია და ორმხრივ ურთიერთობებს ძირს უთხრის.

„მინისტრის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, რომ ევროპარლამენტის დებატებსა და რეზოლუციას ამყარებს ევროკომისიის წარმომადგენლის მიერ გაკეთებული განცხადება და კიდევ ერთხელ ეთხოვა ევროკავშირის მხარეს, წარმოადგინოს კონკრეტული სახელები და გვარები, თუ ვინ მოიაზრება „თვითნებურად დაკავებულთა შორის“ მაშინ, როცა კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით საქართველოს სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებებით დამდგარია შესაბამისი სამართლებრივი შედეგი“,  წერია სამინისტროს განცხადებაში.

უწყების განმარტებით, არაერთი მოწოდების მიუხედავად, ქართულ მხარეს მსგავსი სია ამ დრომდე არ მიუღია, რაც ამყარებს მოსაზრებას, რომ ევროკავშირის მხრიდან გამოთქმული ბრალდებები სრულიად უსაფუძვლოა.

იწყების ინფორმაციით, შეხვედრისას ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესისადმი ურყევი ერთგულება და მხარეებს შორის ღია დიალოგის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.


close დახურვა