ესპანეთის კუნძულ იბიცას სანაპიროსთან 7 000 ტონამდე დიზელის საწვავით დატვირთული ტანკერი ჩაიძირა, რასაც ეკიპაჟის ერთი წევრის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფორმაციას ადგილობრივი ხელისუფლება ავრცელებს.
ბალეარის კუნძულების საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, მალტის დროშის ქვეშ მცურავ ხომალდ Med Emre-ზე ეკიპაჟის 17 წევრი იმყოფებოდა. მაშველებმა ყველა მათგანის გადარჩენა შეძლეს, თუმცა 7 ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ერთი მოგვიანებით გარდაიცვალა. ესპანური მედიის ინფორმაციით, დანარჩენ ექვს დაშავებულს მსუბუქი დაზიანებები.
ტანკერი ესპანეთის სამხრეთით მდებარე ქალაქ ალხესირასიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით, ბარსელონისკენ მიემართებოდა. ინციდენტი იბიცას სანაპიროდან 25 საზღვაო მილის (46 კმ) დაშორებით მოხდა. ჩაძირვის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
რეგიონული საგანგებო სიტუაციების სამსახურის დირექტორის, პაბლო გარისის განმარტებით, ტანკერი სრულად არ ჩაძირულა და ნაწილობრივ წყალშია მოქცეული. მისი თქმით, ეს სამაშველო და სალიკვიდაციო სამუშაოების ჩასატარებლად უფრო ხელსაყრელ პირობებს ქმნის, ვინაიდან გემის 1 000 მეტრის სიღრმეზე ჩაძირვის ნაცვლად, ოპერაციების წარმოება წყლის ზედაპირზეა შესაძლებელი.
