"იცოდეთ, რომ მარტო არ ხართ, ცვლილება ადრე თუ გვიან მოვა", - ამ სიტყვებით მიმართავს ქართველ ხალხს ლიეტუველი ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე.
სპეციალურ ვიდეომიმართვაში იუკნევიჩიენე ამბობს, რომ საქართველოს მოქალაქეები ორი წელია ევროპული მომავლის დასაცავად ქუჩებში ყოველდღიურად გამოდიან, რაც მათ ძვირად უჯდებათ, რადგან მშვიდობიანი პროტესტის გამო ათასობით ადამიანი დააკავეს და დააჯარიმეს, ასობით მოქალაქეს კი ფიზიკურად გაუსწორდნენ.
ევროპარლამენტარი ცალკე მიმართავს პოლიტიკურ პატიმრებს და აღნიშნავს, რომ ევროპაში მათ სახელებს არ დაივიწყებენ.
მისი თქმით, "ქართული ოცნება" მოქალაქეებს წლების განმავლობაში ატყუებდა, თითქოს ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიისწრაფვის, სინამდვილეში კი მმართველ პარტიას იმ თავისუფლებების ეშინია, რომლებსაც ევროკავშირი მოქალაქეებს ანიჭებს.
"ძვირფასო ქართველო ხალხო, ორი წლის, 28 ნოემბერს, თქვენ ქუჩაში გამოხვედით თქვენი ევროპული მომავლის დასაცავად. დღეს საქართველოში აქციაზე გასვლა ხალხს ძვირად უჯდება - ათასობით ადამიანი დააკავეს და დააჯარიმეს მშვიდობიანი პროტესტის გამო, ასობით ადამიანს სცემეს ან არასათანადოდ მოეპყრნენ...
პოლიტიკურო პატიმრებო თქვენ ის ადამიანები ხართ, ვინც ქვეყნის მომავლის დასაცავად გამოვიდა და ამისთვის საკუთარი მომავლით გადაიხადეთ. ჩვენ ვიცით თქვენი სახელები, ჩვენ არ დაგივიწყებთ.
ევროპა ხედავს რაც ხდება და ევროპა თქვენ გვერდით დგას...
ხალხი ქუჩაში იმიტომ გამოვიდა, რომ ე.წ. "ქართული ოცნება" წლების განმავლობაში გატყუებდათ, თითქოს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიდიოდა. ასევე ტყუილია, როცა ამბობენ, რომ ევროკავშირი საქართველოს ომში ითრევს...
მათ [ქართულ ოცნებას]ეშინიათ ევროკავშირისა და იმ თავისუფლებების, რომლებსაც ის თავის მოქალაქეებს ანიჭებს.
თავისუფალი არჩევნები ყოველთვის რეჟიმის დასასრულს ნიშნავს. ასე მოხდა უნგრეთში, ასე მოხდა სერბეთში და მჯერა, ასე მოხდება საქართველოშიც. მაგრამ ცვლილება არ მოვა ბრიუსელიდან ან სტრასბურგიდან, ის საქართველოდან მოვა", - ამბობს იუკნევიჩიენე.
