logo
ENG



13 ივნისის ტრაგედიის გამეორების საფრთხე - სპეციალისტები მშენებლობების წარმოებას აკრიტიკებენ

13 ივნ 202020:21
3 წუთის საკითხავი
 

ცარსებობს თუ არა 2015 წლის 13 ივნისის ტრაგედიის განმეორების საფრთხე? გეოლოგები ხელისუფლებას აფრთხილებენ, რომ ვერეს ხეობაში მშენებლობების წარმოება დაუშვებელია. მათი აზრით, სტიქიის გამეორების საფრთხე ისევ არსებობს - წყნეთი-ბეთანიის გზაზე მოწყვეტილი მთა ისევ ქმნის მეწყრის საშიშროებას.  

სპეციალისტების განმარტებით, თბილისის ფარგლებში წყალდიდობა და ნგრევა წყნეთი-ბეთანიის გზაზე მომხდარმა მეწყერმა გამოიწვია. მაშინ აქედან დაახლოებით მილიონ კუბური მეტრის მოცულობის ტყისა და მიწის მასა მოწყდა, რომლის დიდი ნაწილიც, საბოლოოდ, მდინარემ თბილისში ჩაიტანა. სპეციალისტების აზრით, მსგავსი მოვლენის გამეორების ალბათობა ტყით დაფარულ უბნებზე არსებობს, რადგან ამ ფერდობებზე ეროზია ვითარდება.

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორი აცხადებს, რომ სტიქიის ტერიტორიაზე მიმდინარე მშენებლობები ცალსახად ეწინააღმდეგება გეოლოგების სხვადასხვა დასკვნას - მისი თქმით, ამ ადგილებში დაუშვებელია მშენებლობების წარმართვა.

„აი, თეთრია რაღაც და იმიტომ რომ გვაწყობს, ვამბობთ, რომ შავია. ყველამ ვნახეთ 2015 წელი და რატომ არის უსაფრთხო? არ შეიძლება სამშენებლო სექტორი იყოს მიუხედავი და არ შეიძლება იყოს ასეთი აღვირახსნილი. ეტყობა, ეს ვიღაცას აწყობს და ფაქტია, ასეა. ეს ამ სამშენებლოებს კი არ დაუბრუნდება, დაუბრუნდება მოსახლეობას", - ამბობს თეა გოდოლაძე

ვერეს ხეობიდან გარიდებაზე საუბარია ყველა კვლევაში. ერთ-ერთი USAID-ის მხარდაჭერით, შეერთებული შტატების სატყეო სამსახურმა გააკეთა. სტიქიისგან თავის დასაღწევად, სამეტაპიანი რეკომენდაციების გათვალისწინებაა საჭირო. პირველი დატბორვის არეალის ზუსტ განსაზღვრას და ახალი მშენებლობების კატეგორიულ აკრძალვას გულისხმობს. 

ქალაქგეგმარების ზოგი სპეციალისტის აზრით კი, ვერეს ხეობაში გზის გაყვანა სულაც დაუშვებელი იყო, მშენებლობა კი კატეგორიულად აკრძალული.

კვლევების, აქტივისტების მოთხოვნების და 5 წლის წინანდელი გამოცდილების მიუხედავად, ვერეს ხეობაში მშენებლობები არ შეწყვეტილა. კითხვაზე - რატომ? - თბილისის მერს პასუხი არაერთხელ სხვადასხვა ტელევიზიის ეთერში გაუცია. 

შეგახსენებთ, რომ 13 ივნისის ტრაგედიას ორ ათეულზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, მათგან ორი ამ დრომდე ვერ იპოვეს. 


close დახურვა