14 წლის გოგოს თვითმკვლელობის საქმეზე დაკავებულ ნიკა ტაკიძეს კიდევ ერთი გოგო, ანი დიასამიძე სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს. ფორმულასთან საუბარში იგი ყვება, რომ შემთხვევის დროს 17 წლის იყო და ახლა, პირველად გადაწყვიტა, ამ თემაზე საჯაროდ ესაუბრა.
"ნიკა ტაკიძეს შევხვდი სრულიად შემთხვევით, წვეულებაზე. არც შევხვდი, ჯერ იყო ქმედება და ამის შემდეგ მე მისი სახე დავინახე, რამდენიმე დღეში შემხვდა ქუჩაში და დავადგინე ვინაობა იქედან, რომ ჩემს საერთო მეგობრებთან ერთად იყო.
ეს იყო ჩვეულებრივი სექსუალური შევიწროვება, ფიზიკური შეხება ხელით. უფრო კონკრეტული დეტალები არ შემიძლია, ვთქვა. მან აღიარა და ბოდიშიც მოიხადა ჩემთან. მაშინ 17 წლის ვიყავი. მე ამის შესახებ ვერავის ვეუბნებოდი", - ყვება ის.
დღეს, 15 თებერვალს ქობულეთში 14 წლის გოგოს თვითმკვლელობის საქმეზე მისი ბაბუა დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, კაცი შვილიშვილის მიმართ მუქარისა და ძალადობის ბრალდებით დაააკავეს. მას ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 3 წლამდე ვადით პატიმრობას ემუქრება.
ქობულეთში 14 წლის გოგოს თვითმკვლელობის შესახებ 10 თებერვალს გახდა ცნობილი. გარდაცვლილის გოგოს ბაბუის თქმით, თვითმკვლელობამდე გოგონაზე ორჯერ იძალადეს.
მისი თქმით, პირველი ინციდენტის დროს, გარდაცვლილს ინფორმაცია საკუთარი ოჯახის წევრებისთვისაც არ მიუწოდებია. მეორე შემთხვევა 2020 წლის დეკემბერში მოხდა, რის მერეც, გოგონას ოჯახმა სამართალდამცავ ორგანოებს მიმართა.
სამართალდამცველებმა კი, სავარაუდო დამნაშავე გოგონას თვითმკვლელობის შემდეგ, 11 თებერვალს დააკავეს. საქმეზე დაკავებულს პირს ბრალი ორი მუხლით აქვს წარდგენილი: სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე და 140-ე მუხლებით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანასა და თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან სექსუალური კავშირის დამყარებას გულისხმობს.
თურქეთიდან დაბრუნებულმა მოზარდის დედამ ფორმულასთან შვილის თვითმკვლელობის გარშემო არსებულ მძიმე გარემოებებზე ისაუბრა.
გარდაცვლილის დედის თქმით, საქმეზე დაკავებული პირის მხრიდან მის შვილზე განხორციელებული სექსუალური ძალადობის შემდეგ, 14 წლის მოზარდს უკიდურესად შევიწროვებულ და ძალადობრივ გარემოში უწევდა ყოფნა. მისივე მონათხრობით, ნათესავებმა გოგოს "უმოწყალოდ სცემეს".
მისი თქმით, 14 წლის ქალიშვილის მდგომარეობის შესახებ სრულად იყო ინფორმირებული სოციალური მუშაკიც, რომელმაც მძიმე ემოციური და ფიზიკური გარემოებების მიუხედავად, მოზარდისთვის ფსიქოლოგის მეთვალყურეობა არ უზრუნველყო.
დაკავებული კაცის დედა კი ამბობს, რომ ბავშვზე ბაბუა ძალადობდა, ხოლო მის შვილს "თითი არ დაუკარებია".
ბრალდებულს აღნიშნულ საქმეზე წინასწარი პატიმრობა 13 თებერვალს შეეფარდა.