logo
ENG



15 წლის რუსი მოციგურავის დოპინგტესტში აკრძალული ნივთიერება იპოვეს

11 თებ 202210:33
3 წუთის საკითხავი
clock 1386
2022/02/11/5cm2ax8ct8g2zh9.jpg

რუსი მოციგურავის, 15 წლის კამილა ვალიევას დოპინგ-ტესტში აკრძალული ნივთიერება იპოვეს. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ პეკინის ზამთრის ოლიმპიადაზე გუნდურ შეჯიბრში მოციგურავეების დაჯილდოება გადაიდო იმის გამო, რომ რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის ნაკრების ერთ-ერთმა სპორტსმენმა დოპინგტესტი ჩააგდო. 

კამილა ვალიევა პეკინის ოლიმპიადაზე ფავორიტი მოციგურავეა, რომელსაც "მის სრულყოფილება" შეარქვეს. ჯერჯერობით გადაწყვეტილი არაა, მოხსნიან თუ არა შეჯიბრებებიდან ვალიევას.

ტესტირების საერთაშორისო სააგენტო (ITA) ხაზს უსვამს, რომ კამილა ვალიევა არასრულწლოვანია და მსოფლიოს ანტიდოპინგური სააგენტოს კოდექსის თანახმად, "დაცულ პირად" მიიჩნევა - ეს სტატუსი 16 წლამდე პირებზე ვრცელდება. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ არ არიან ვალდებულნი გასაჯაროონ საქმის დეტალები, თუმცა იმის გამო, რომ მედიაში ფართოდ გაშუქდა ვალიევას საქმე, ITA-მ ოფიციალური განცხადების გავრცელება გადაწყვიტა.

ITA-ს განცხადებით, მოციგურავეს დოპინგზე ტესტი რუსეთის ჩემპიონატის დროს, 2021 წლის 25 დეკემბერს აუღეს. ლაბორატორიამ, რომელსაც მსოფლიოს ანტიდოპინგური სააგენტოს აკრედიტაცია აქვს მიღებული, 2022 წლის 8 თებერვალს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტესტში ტრიმეტაზიდინი აღმოაჩინეს. რეგლამენტის შესაბამისად, სპორტსმენი დროებით მოხსნეს შეჯიბრებებიდან, ვალიევამ კი ეს გაასაჩივრა. რუსეთის ანტიდოპინგურმა სააგენტომ (RUSADA) დროებითი ზომა გააუქმა, რის გამოც ვალიევამ ოლიმპიადაში მონაწილეობა განაგრძო.

ტრიმეტაზიდინს გულის პრობლემების მკურნალობისთვის იყენებენ. აკრძალული პრეპარატების სიაში ის 2014 წლიდან იმყოფება. RUSADA-ს გადაწყვეტილება მსოფლიო ოლიმპიურმა კომიტეტმა სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოში გაასაჩივრა.

ITA-ს განმარტებით, სპორტსმენის მოხსნაზე იმსჯელა RUSADA-მ, რადგან ტესტირება ოლიმპიადის პერიოდში არ იყო გაკეთებული, თუმცა ოლიმპიურ კომიტეტს მისი გასაჩივრების უფლება აქვს.

საარბიტრაჟო სასამართლოს გასვლითმა სხდომამ ვალიევას საქმე უახლოეს მომავალში უნდა განიხილოს, რადგან 15 თებერვალს ერთეულთა თანრიგში შეჯიბრი იწყება. გუნდურ შეჯიბრში მედლების გადანაწილებაზე კი მოგვიანებით იმსჯელებენ.

"იმის გათვალისწინებით, რომ საქმეზე სასამართლო პროცესი დასრულებული არაა, ITA დამატებითი კომენტარის გავრცელებას არ აპირებს", - ნათქვამია განცხადებაში.


close დახურვა