
IRI-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ჯონ დიპირო ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის განცხადებას ეხმაურება. დიპირო განცხადებას დადებითად აფასებს და აღნიშნავს, რომ ის ამერიკელი ლიდერების მიერ გაკეთებულ ნებისმიერ განცხადებას მხარს უჭერს.
„ჩვენი ორგანიზაცია დაარსებულია ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლების მიერ. შესაბამისად მხარს ვუჭერთ ნებისმიერ განცხადებას, რომელსაც აკეთებენ ჩვენი ლიდერები და მოხარულები ვართ, რომ მათი მხარდაჭერა გვაქვს“, - განაცხადა ჯონ დიპირომ.
წარმომადგენელთა პალატის განცხადებას ექსპერტი ნინო კალანდაძეც ეხმაურება. ექსპერტი მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლებას აქვს საშუალება ნებისმიერ ორგანიზაციასთან კომუნიკაცია შეწყვიტოს, თუმცა ეს მის იმიჯზე ნეგატიურად აისახება.
"არა მგონია, რომ საქართველოს დიდი არჩევანი ჰქონდეს, ვისთანაც ითანამშრომლოს დასავლეთში, იმიტომ რომ დასავლეთი თვითონ წყვეტს, ვინ ჰყავდეს აქ წარმომადგენლად. ცხადია საქართველოს ხელისუფლებას აქვს უფლება ეს კომუნიკაცია შეწყვიტოს, მაგრამ ეს არის ღია დაპირისპირება, რომელიც არ მგონია, საქართველოს ხელისუფლებას რამეში აწყობდეს. ამერიკის ორივე პარტია საბედნიეროდ ჩამოყალიბებულია იმაზე, თუ რა უნდა ქართველ ხალხს და არა ბიძინა ივანიშვილს“, - აღნიშნა კალანდაძემ.
"საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" ხელმძღვანელი გიორგი მშვენიერაძე მმართველი გუნდის კრიტიკას NGO-ების და სხვადასხვა უცხოური ორგანიზაციების მიმართ ნეგატიურად აფასებს. ის ამბობს, რომ ხელისუფლებამ პრობლემაც საკუთარ თავში უნდა ეძებოს.
"ალბათ ხელისუფლებამ უნდა გააცნობიეროს, რომ ეს არ არის რიგითი მოწოდებები, არამედ მნიშვნელოვანი შეტყობიმნებებია. ხელისუფლებამ პრობლემები უნდა ეძიოს საკუთარ თავში და არა იმ ორგანიზაციებში, რომლებიც ამერიკის მხრიდან არიან მხარდაჭერილი“, - განაცხადა მშვენიერაძემ.