logo
ENG



ამერიკულ მოდელზე გადასვლასთან დაკავშირებით არანაირ ქმედებას არ განახორციელებენ - ოცნებამ ე.წ. ამბოხებულები დააშოშმინა

09 დეკ 201917:49
3 წუთის საკითხავი
 
6ppqc2ryi63wghz.jpg

"ქართული ოცნების" ოფისში უმრავლესობის შეხვედრა დასრულდა. მმართველი გუნდის წევრები 2 საათის განმავლობაში რამდენიმე საკითხს განიხილავდნენ, მათ შორის იყო ე.წ. ამბოხებული დეპუტატების ინიციატივა ამერიკულ საარჩევნო მოდელზე გადასვლასთან დაკავშირებით. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუმარტა, რომ გუნდში ე.წ. ამბოხებულ დეპუტატებთან ერთგვარი შეთანხმება შედგა. მისივე თქმით, ეს დეპუტატები სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით არანაირ ქმედებებს არ განახორციელებენ.

„ვილაპარაკეთ 3 თემაზე. პირველი თემა შეეხებოდა გუნდის უმრავლესობის, პარტიის თავმჯდომარის და ჩვენს შეთავაზებას იმ მაჟორიტარების მიმართ, რომლებიც ცდილობენ, რომ დაიწყონ ხელმოწერების შეგროვება სრულად მაჟორიტარულ, ანუ ამერიკულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით. ჩვენ დღეს შეთანხმებაზე საბოლოოდ მაინც არ ვსაუბრობთ, იმიტომ რომ 2-3 დღე ავიღეთ ყველამ, იმისთვის, რომ გარკვეული დეტალები შევაჯეროთ. გადაჭრით შეგვიძლია ვთქვათ, რომ შეთანხმებას მივაღწევთ. პოზიციები დავაახლოვეთ ამ დეპუტატებთან. სხვა დეტალებზე ამ ეტაპზე ვერ ვისაუბრებ. დავაზუსტებ, რომ დიმიტრი ხუნდაძე, მიხეილ ყაველაშვილი და ასე შემდეგ, სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით არანაირ ქმედებას არ განახორციელებენ. ეს შეთანხმება ამაზე იქნება დამყარებული“, - განმარტა მამუკა მდინარაძე.

ცნონბისთვის, ე.წ. ამბოხებული მაჟორიტარები რამდენიმე დღის წინ გამოვიდნენ ინიციატივით, რომ საქართველო ამერიკული საარჩევნო მოდელზე გადავიდეს, რაც სრულად მაჟორიტარული სისტემის შემოღებას ითვალისწინებს. ისინი ხელმოწერების შეგროვებასაც აანონსებდნენ. 

 

 


close დახურვა