კორუფცია საგარეჯოს საკრებულოში - „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" სახელმწიფო შეყიდვების პროცესის მონიტორინგი აწარმოა. განსაკუთრებით საინტერესო კი საგარეჯოს მუნიციპალიტეტეტში გამოვლენილი კორუფციის ფაქტი აღმოჩნდა. გამარტივებულ შესყიდვებს საგარეჯოს საკრებულოს თავმჯდომარის, ოთარ ჩალათაშვილის ბიზნესპარტნიორი, ოთარ ბუზარიაშვილი იღებს. ოთარ ბუზარიაშვილის ახალი კომპანიის გამარტივებულმა შესყიდვებმა, ერთ წელში 1 300 000-ზე მეტი შეადგინა და უკონკურენტო ტენდერში 67 200 -ზე მეტი ლარი მიიღო.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" რეგიონული ოფისების მენეჯერის, ზვიად ქორიძის განცხადებით, ორგანიზაცია მსგავს მონიტორინგს მომავალშიც გააგრძელებს.
„საგარეჯოს მუნიციპალიტეტში თვალნათლივ იკვეთება, სავარაუდოდ, კორუფციული ურთიერთობები. ფაქტები მეტყველებს, რომ ერთი წლის განმავლობაში ამ ახლადშექმნილმა კომპანიამ საგარეჯოს მუნიციპალიტეტისგან მიიღო გამარტივებული შეყიდვის სახით 1 300 000 ლარზე მეტი. ასევე მიიღო ტენდერის სახით თანხა, რომელიც უკონკურენტო გარემოში გაიმართა“, - განაცხადა ქორიძემ.
