logo
ENG



18 წლის ქალი ტაქსის მძღოლს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს

02 ივნ 202120:38
3 წუთის საკითხავი
clock 1098
2021/06/02/0cee441t9ked9w7.jpg

18 წლის მარიამ ბიგიაშვილი ტაქსის მძღოლს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს.

როგორც ახალგაზრდა ქალი ამბობს, მგზავრობისას მძღოლი უცნობი გზით მიდიოდა და მასთან არასასურველი კომუნიკაციის დამყარებას ცდილობდა. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა.

მომხდარზე თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი დღეს გაიმართა. მოსამართლემ 47 წლის კაცი სამართალდამრღვევად ცნო და ჯარიმა დააკისრა. საქმის მასალებში არის აუდიო ჩანაწერიც, რომელიც მარიამ ბიგიაშვილმა მგზავრობისას ჩაიწერა.

დაზარალებული მგზავრობის დეტალებს იხსენებს და ამბობს, რომ ტაქსის მძღოლი მას ფიზიკურადაც შეეხო.

"შემეშინდა იმიტომ, რომ მარტო, ღამის საათებში ვმგზავრობდი ტაქსით და ტაქსის მძღოლი ჩემი სხეულის ფორმებზე ძალიან ცუდად აპელირებდა. მომთხოვდა ჩემი ფეისბუქის და ინსტაგრამის კონტაქტები... ხელი გადმოწია და მუხლზე ამისვა, შემეძლო, რომ თავდაცვის კუთხით რაიმე ქმედება განმეხორციელებინა, მაგრამ იმდენად შეშინებული ვიყავი, რომ ვერც ვსაუბრობდი და მთლიანად სხეული მქონდა გაშეშებული", - ამბობს მარიამ ბიგიაშვილი.

საფარის იურისტის, თამთა ლუკავას თქმით, ახალგაზრდა ქალს ფსიქოლოგის დახმარება სჭირდება. ამასთან, არ გამორიცხავს, რომ დაზარალებულმა სასამართლოს მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით მიმართოს.

"მას ესაჭიროება ფსიქოლოგის დახმარება. ვფიქრობთ, რომ ამ საქმეზე მივმართოთ სასამართლოს და მოვითხოვოთ მორალური ზიანის ანაზღაურებაც", - ამბობს იურისტი.

როგორც ფორმულას ტაქსის კომპანიაში განუცხადეს, მძღოლთან თანამშრომლობა ინფორმაციის მიღებისთანავე შეწყვიტეს. 

 

 


close დახურვა