
სასტუმრო „რედისონთან“ აქცია გაიმართა, სადაც ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის 2019 წლის ანგარიშის პრეზენტაცია მიმდინარეობდა. მოძრაობა „გაბედეს“ წევრებმა დეპუტატები შეძახილების ფონზე გააცილეს. აქტივისტებს არჩილ თალაკვაძესთან შეხვედრა სურდათ, თუმცა პარლამენტის თავმჯდომარემ სასტუმრო დიდი ალბათობით, უკანა კარიდან დატოვა.
„გაბედეს“ კითხვებს მოკლე პასუხები გასცეს უმრავლესობის წევრებმა. როგორც მმართველი გუნდის წევრმა სოფო კილაძემ აქტივისტებს 20 ივნისს ძალის გადამეტებაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა, ძალის გადამეტებას ყოველთვის უნდა ჰქონდეს ადეკვატური პასუხი.
„ჩემი პოზიცია არის ყოველთვის ის, რომ როდესაც მოხდება ძალის გადამეტება, მნიშვნელობა არ აქვს ვისი მხრიდან, ამას უნდა ჰქონდეს ადეკვატური პასუხი“, - განუცხადა კილაძემ აქტივისტებს.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ანრი ოხანაშვილმა კი პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩაგდების კითხვის პასუხად აქტივისტს ჰკითხა, ნამდვილად იცოდა თუ არა, რომ დეპუტატი პროპორციულ საარჩევნო სისტემას უჭერდა მხარს.
„მე ყველა ახალგაზრდას პატივს ვცემ. გქონიათ ჩემთან კომუნიკაციის პრობლემა? იცით პროპორციულს მხარი რომ დავუჭირე?“, - განაცხადა ოხანაშვილმა.
„გაბედეს“ აქტივისტმა ბექა ნათელაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სოფო კილაძე მათ 16:00 საათზე პარლამენტში შეხვედრას დაჰპირდა.
„სოფო კილაძე შევიპირეთ, რომ ტელევიზიების თანდასწრებით 16:00 საათზე პარლამენტში შევხვდებით. დიდი იმედი გვაქვს, რომ ოთხ საათზე შეგხვდება. კამერა არის საჭირო, რადგან ის კითხვები გვაქვს, რაც აქვს საზოგადოებას“, - განაცხადა ნათელაშვილმა.
„გაბედეს“ წევრებმა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ელჩს კარლ ჰარცელსაც მიმართეს და უთხრეს, რომ საქართველოს "მატყუარა მთავრობა ჰყავს".