logo
ENG



19 ნოემბერს ECHR- მა სახელმწიფოს სააკაშვილის მულტიპროფილურ კლინიკაში გადაყვანა დაავალა

23 ნოე 202101:50
3 წუთის საკითხავი
 
19 ნოემბერს ECHR- მა სახელმწიფოს სააკაშვილის მულტიპროფილურ კლინიკაში გადაყვანა დაავალა

სტრასბურგის სასამართლომ 19 ნოემბერს გამოსცა დროებითი ღონისძიება, რომლითაც სახელმწიფოს დაავალა, ომბუდსმენის მიერ შექმნილ ექსპერტთა ჯგუფის დასკვნით ეხელმძღვანელა და მიხეილ სააკაშვილი მულტიპროფილურ კლინიკაში გადაეყვანათ. სწორედ ამ დღეს შესთავაზა იუსტიციის სამინისტრომ ყოფილ პრეზიდენტს მკურნალობის გორის ჰოსპიტალში გაგრძელება.

ადვოკატი თამთა მურადაშვილი მთავარ არხთან საუბრისას განმარტავს, რომ 19 ნოემბერს დილით, სასამართლოს მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის შესახებ განახლებული ინფორმაცია მიაწოდეს, იმავე დღის საღამოს კი სტრასბურგიდან ეს გადაწყვეტილება მიიღეს.

მურადაშვილის თქმით, ამ დროს სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანაზე მთავრობის შეთავაზებაზე თანხმობა და შიმშილობის შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილება გაცხადებული ჰქონდა.

ადვოკატის განმარტებით, სტრასბურგის სასამართლომ მხედველობაში მიიღო მიხეილ სააკაშვილის დამძიმებული ჯანმრთელობის მდგომარეობა, სიტუაციის კრიტიკულობა და მიუთითა მას, რომ დაუყოვნებლივ შეეწყვიტა შიმშილობა,  მთავრობას კი დაავალა, რომ ეხელმძღვანელა სახალხო დამცველის 17 ნოემბრის დასკვნით. სახალხო დამცველის 17 ნოემბრის დასკვნაში ნათქვამია, რომ მიხეილ სააკაშვილს მულტიფუნქციურ კლინიკაში გადაყვანა ესაჭიროებოდა.

სტრასბურგის სასამართლოს 19 ნოემბრის გადაწყვეტილებას აქვეყნებს სახლხო დამცველი ნინო ლომჯარიაც.

"ნეტავ ახლა რას იტყვიან, რომ "ფეიკი" და არაპროფესიონალურად შესრულებული სამედიცინო დასკვნა გახდა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველი? სტრასბურგის სასამართლოს 19 ნოემბერს გამოუცია დროებითი ღონისძიება და სწორედ სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნაზე მითითებით მიხეილ სააკაშვილისთვის ადეკვატური მკურნალობის მიწოდება დაუვალებია სახელმწიფოსთვის", - წერს სახალხო დამცველი.

10 ნოემბერს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დააკმაყოფილა ექსპრეზიდენტის ადვოკატების მიერ მოთხოვნილი დროებითი ზომა. ECHR-მა სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა, ამასთან, მიუთითა, რომ მთავრობამ უნდა უზრუნველყოს მისი უსაფრთხოება ციხეში და უნდა უზრუნველყოს მისთვის სათანადო სამედიცინო მკურნალობის მიწოდება პოსტ-შიმშილობის რეაბილიტაციის პერიოდში. 

სახალხო დამცველმა სააკაშვილის ჯანმრთელობის მონიტორინგისთვის ექსპერტთა ჯგუფი შექმნა, რომელსაც მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა უნდობლობა უკვე გამოუცხადეს. 

საბჭოს წევრებმა 17 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილის შესახებ დასკვნა მოამზადეს.

კონსილიუმის წევრი ექიმების თქმით, ისინი ერთხმად შეჯერდნენ იმაზე, რომ გლდანის მე-18 ციხის საავადმყოფო "ცუდად აღჭურვილი არ არის", თუმცა, ის მაინც არ არის მზად იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილის მსგავს პაციენტს უმკურნალოს. 

"პაციენტის მდგომარეობის კრიტიკულობიდან გამომდინარე, მისი მკურნალობის გაგრძელება დაუყოვნებლივ რეკო­მენ­დებულია ფუნქციურად გამართულ და დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში კერძოდ ინტენსიური თერაპიის გან­ყო­ფილებაში, რის პირობებსაც მე-18 დაწესებულების კლინიკა არ აკმაყოფილებს", - აღნიშნულია დასკვნაში.

აღსანიშნავია, რომ ოცნების წარმომადგენლები კონსილიუმის დასკვნას მიკერძოებულს უწოდებდნენ. პარტიის თავმჯდომარე ამბობდა, რომ დასკვნა "ფეიკია" და ომბუდსმენისა და ექიმების "პირდაპირ პასუხისმგებლობაზე" საუბრობდა.

19 ნოემბერს იუსტიციის სამინისტრომ მიხეილ სააკაშვილს გორის ჰოსპიტალში გადაყვანა შესთავაზა.


close დახურვა