logo
ENG



1 ცარიელ კარავს მგონი აჯობებს - ქანთარია პარლამენტთან მიმდინარე სამუშაოებზე

20 ივლ 202016:48
3 წუთის საკითხავი
 
zcm9h4owys58q32.png

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ნუკრი ქანთარია, ამბობს, რომ პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე სამუშაოების შედეგი "ცარიელ კარავზე" უკეთესი იქნება.

„ვნახოთ, მგონი ცუდი არ არის და კარგი იქნება. ის, რომ ერთი კარავი დგას ხოლმე თვეობით და შიგნით არავინ არ არის, მგონი იმას აჯობებს. მე არ მინახავს დასრულებული სახით და ცოტა ძნელია დასკვნა გამოიტანო. რამდენადაც ვიცი, იქ წყალი და სიმწვანე იქნება“, - განაცხადა ქანთარიამ.

შეგახსენებთ, პარლამენტის შენობასთან კარავი 2018 წელს ჯერ ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამას, ზაზა სარალიძეს ჰქონდა გაშლილი, შემდეგ კი, პანკისის სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამას, მალხაზ მაჩალიკაშვილს. ორივე მათგანი წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში თავიანთი შვილების მკვლელობის საქმის გამოძიებას და დამნაშავეების დასჯას ითხოვდა. დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე პასუხისგებაში სამი პირია მიცემული - დ.ღ. გ.ჯ. და მიხეილ კალანდია. კალანდიასთვის პატიმრობის შეფარდების შემდეგ, სარალიძემ განაცხადა, რომ „სამართალი აღდგენილია“. რაც შეეხება მაჩალიკაშვილს, მომხდარის გამო დღემდე არავინ დასჯილა.

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია მერიამ მწვანე ღობით 2020 წლის იანვარში შემოღობა. აქტივისტები მაშინვე ამბობდნენ, რომ მიზანი საკანონმდებლო ორგანოს წინ საპროტესტო სივრცის შეზღუდვა იყო. შემოღობვამდე, წინააღმდეგობის მიუხედავად, მერიამ ამ ტერიტორიიდან მალხაზ მაჩალიკაშვილის კარავიც აიღო და ატრაქციონები დადგა. თბილისის მერი მაშინ ამბობდა, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოებს იწყებოდა.

კალაძემ პარლამენტის წინ მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციის შემდგომი რენდერები გუშინ წარმოადგინა.


close დახურვა