logo
ENG



1 წელი მარტის პროტესტიდან - თსუ-სთან სტუდენტები და აქტივისტები აქციას მართავენ

08 მარ 202420:05
3 წუთის საკითხავი
 
2024/03/08/p7ub8xps4xiycdo.jpg

რუსული კანონის წინააღმდეგ 7-8 მარტის საპროტესტო აქციებიდან ერთი წლის თავზე სტუდენტები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში აქციას მართავენ. სტუდენტებთან მივიდნენ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და დაკავებული აქტივისტის, ლაზარე გრიგორიადისის დედა.

სტუდენტები ამბობენ, რომ ისინი არასდროს შეუშინდებიან წინააღმდეგობას თუ ის იქნება ანტიდასავლური და კიდევ ერთხელ შეახსენეს საზოგადოებას, რომ ასე იყო 7-8 მარტის აქციების დროს, როცა ხელისუფლებამ გადაწყვიტა რუსული კანონის მიღება.

აქციის მონაწილეების თქმით, შარშან შეძლეს გამარჯვების მოპოვება და ხელისუფლების იძულება, რომ საზოგადოებისთვის მიუღებელი კანონპროექტი უკან გაეწვია.

"დღევანდელი დღის სლოგანია - შენ ეს შეძელი და ჩვენ ეს შევძელით შარშან, ზუსტად ამ დროს, როცა რუსულ ოცნებას უკან დავახევინეთ. ეს იყო მოვლენა ქართულ ისტორიაში, როდესაც ასეთი ერთიანი სტუდენტობა და ახალგაზრდობა 2003-2012 წლის მერე ქართულ საზოგადოებას არ ახსოვს, როცა ერთიანად დავდექით ქართული ოცნების წინააღმდეგ, რომ არ გაეტარებინათ ეს რუსული კანონი. ჩვენთვის ყველაზე ფასეულია ევროკავშირი, იყო კანდიდატის სტატუსი, რომელიც მივიღეთ", - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა წევრმა, ლუკა ჭოხონელიძემ.

ფორმულა მარტის აქციების შემდეგ დაკავებული აქტივისტის ლაზარე გრიგორიადისის დედასაც ესაუბრა, რომელმაც თქვა, რომ აუცილებლად იქნებოდა ლაზარეც დღევანდელ აქციაზე, რომ იყოს გარეთ. მან იმედი გამოთქვა, რომ "ის მალე იქნება მათთან ერთად", - განაცხადა თამთა კალანდაძემ.

მასშტაბური საზოგადოებრივი პროტესტის შედეგად ქართულმა ოცნებამ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" რუსული კანონპროექტის გაწვევის შესახებ 9 მარტს განაცხადა, 10 მარტს კი პლენარულ სხდომაზე ჩააგდო. თავდაპირველად, ოცნება ამ კანონპროექტს მხარს უჭერდა და პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო. 

კანონპროექტის საწინააღმდეგო პროტესტი 7-8 მარტს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობდა. აქციები იყო ქუთაისში, ბათუმში და სხვა ქალაქებშიც. 

თბილისში პოლიციელებმა მშვიდობიანი აქცია წყლის ჭავლით, წიწაკის სპრეითა და ცრემლმდენი გაზით დაარბიეს. 

რამდენიმესაათიანი მცდელობების მიუხედავად ხალხი არ იშლებოდა, რის შემდეგაც პოლიციამ აქციის მონაწილეების დაკავება ძალისმიერი მეთოდებით დაიწყო. პოლიციელები მუშაობაში ხელს უშლიდნენ მედიის წარმომადგენლებს და ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტებიც დაფიქსირდა. 

9 მარტს შსს-მ ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი, 133 ადამიანი გაათავისუფლა. 

31 მარტს სასამართლომ 21 წლის ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ის 29 მარტს დააკავეს - შსს-ს მტკიცებით, მან 7-9 მარტის აქციებზე პოლიციელებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლა.

აქტივისტის წინააღმდეგ ხელისუფლებამ მალევე სიძულვილის კამპანია დაიწყო, ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მას არაერთხელ უწოდა "ორიენტაციაარეული". 

22 ნოემბერს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 7-8 მარტის აქციებზე დაზარალებულმა პოლიციელებმა, სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის მხარდაჭერით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ლაზარე გრიგორიადისის შეწყალებისგან თავის შეკავების თაობაზე განცხადებით მიმართეს.


close დახურვა