გადაცემაში „პოლიტიკის ფორმულა“ პოლიტიკური პარტია „ლელო-საქართველოსთვის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილის ბრძოლით საზოგადოებამ დაინახა სამართალდამცავ სისტემაში არსებული საბჭოთა კავშირიდან გადმოყოლილი მანკიერი თვისებები.
„მე მაჩალიკაშვილს ძალიან მაგარ პატივს ვცემ. არანაირად მინდა პოლიტიკურ ქვეტექსტში გამოვიყენო ამ ადამიანის ტრაგედია. ეს არის ღირსეული ადამიანი, რომელსაც კაცურად მხარს ვუჭერ, რადგან სისტემას ებრძვის. მისი შეუდრეკელი ბრძოლით დავინახეთ თუ რამხელა მახინაა საბჭოთა კავშირიდან გამოყოლილი - პროკურორები და პოლიციელები შეერწყნენ და იგივე მეთოდებით აგრძელებენ ცხოვრებას. პანკისი მთელი საქართველოსთვის ტერორისტთან ასოცირებული გახადეს. ჩვენი ძმები და დები, მაგათ ვენაცვალე, გამართული ქართულით გვესაუბრებიან. იმის ნაცვლად, რომ პირიქით, გაშალე თემა და თუ ვინმე დამნაშავეა სახელმწიფოს ღირსება შეინარჩუნე.
პროკურატურამ შეწყვიტა გამოძიება და პარლამენტში რატომ არ უნდა იქმნებოდეს საგამოძიებო კომისია? საქმე ბნელით არის მოცული და საზოგადოებამ სიმართლე უნდა გაიგოს. ეს კაცი არ ნებდება. იმიტომ არ ვდგავარ ქუჩაში მის გვერდით, რომ მე არ მინდა ამ კაცის უბედურება გამოვიყენო პოლიტიკური დივიდენდებისთვის, ეს ჩემი სტილი არაა“, - განაცხადა ხაზარაძემ.
შეგახსენებთ, რომ თბილისის პროკურატურამ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილება მიიღო. როგორც საგანგებო ბრიფინგზე გახდა ცნობილი, მოცემულ საქმეზე გამოძიება შეწყდა.
მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, ის ამ შედეგს ელოდა და ბრძოლას აგრძელებს. მაჩალიკაშვილს სურს, რომ მისი შვილის მკვლელობის საქმეზე პარლამენტში საგამოძიებო კომისია შეიქმნას.
თემირლან მაჩალიკაშვილი 2019 წლის 26 დეკემბერს პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად საკუთარ საძინებელში თავის არეში დაჭრეს. მაჩალიკაშვილი 10 იანვარს საავადმყოფოში გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა.