დღის ბოლომდე გახდება ცნობილი არის თუ არა კორონავირუსის მატარებელი ჩინეთიდან ჩამოსული საქართველოს ორი მოქალაქე.
ისინი ამ დროისთვის ინფექციურ საავადმყოფოს ე.წ. ბოქსირებულ განყოფილებაში იმყოფებიან. ერთ-ერთი მათგანი ქალაქ უჰანიდანაა. იმავე განყოფილებაში დაკვირვების ქვეშ იმყოფება ორი ჩინელი ბავშვი, რომელთაც დიდი ალბათობით A-ტიპის გრიპის არსებობა დაუდგინდა. ოთხივე პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია.
როგორც ექიმი-ინფექციონისტი აღნიშნავს, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა არ ფიქსირდება.
ინფექციონისტის განცხადებით, პაციენტები იზოლირებულად იმყოფებიან და სხვა ადამიანებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენენ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათთან კორონავირუსი დადასტურდა.
"პაციენტების მდგომარეობა ამ ეტაპზე არის სტაბილური. მათ ჩაუტარდათ ლაბორატორიული და რენტგენოლოგიური გამოკვლევები. რაც ყველაზე მნივნელოვანია არც ერთ პაციენტთან არ არის ფილტვების ანთება ან პნევმონია. ლაბორატორიულად არ აღენიშნებათ სერიოზული დარღვევები. ამ ეტაპზე თავს გრძნობენ უკეთ, ტემპერატურა ნორმაშია და იმყოფებიან დაკვირვების ქვეშ. რაც შეეხება ჩინეთის ორ მოქალაქეს, მათ დაუდგინდათ A ტიპის ვირუსი და ისინიც რჩებიან დაკვირვების ქვეშ“, - განაცხადა ექიმმა.