ტელეკომპანია „ფორმულასა“ და ამერიკული კვლევითი ორგანიზაცია „ედისონ რისერჩის“ პირველი კვლევის შედეგების თანახმად, ქვეყნის მოსახლეობის 90% აცხადებს, რომ მონაწილეობას მიიღებს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში.
გამოკითხულთა 67% აცხადებს, რომ ნამდვილად მიიღებს მონაწილეობას, ხოლო 23%-ის თქმით, მაღალი ალბათობით, მაგრამ არა დანამდვილებით, მივა საარჩევნო ყუთთან.
აღსანიშნავია, რომ კვლევა ჩატარდა პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ კანონპროექტის ჩავარდნის შემდეგ.
მეთოდოლოგია
„ედისონ რისერჩმა“ საკვლევი სამუშაოები 12 ნოემბრიდან 23 ნოემბრის ჩათვლით აწარმოა. კვლევაში მონაწილეობა მიიღო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონის მოსახლეობის გარდა საქართველოს ყველა რეგიონში მცხოვრებმა 2000-მა ადამიანმა. არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლების მქონე რესპონდენტები შემთხვევითი შერჩევის პრინციპით იქნენ არჩეულნი. შესაძლო ცდომილება 2.2%-ია, 95%-იანი სანდოობის დონისათვის.