logo
ENG



მაჩალიკაშვილი ხელმოწერების შეგროვებას იწყებს - ვინ დაუჭერს მხარს საგამოძიებო კომისიის შექმნას

02 თებ 202020:04
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს პარლამენტში "ქართული ოცნების" გარდა, სულ 54 დეპუტატია. მათ შორის არიან მმართველი გუნდიდან პროტესტის ნიშნად წამოსული დეპუტატებიც. ამ ფონზე, მაჩალიკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომიიის შექმნის პოლიტიკური რესურსი პარლამენტში არსებობს. კომისიის შექმნას, სულ მცირე, 50 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება. 

"ფორმულამ" დაითვალა და დაადგინა, რომ ამ ეტაპზე საგამოძიებო კომისიას, სულ მცირე, 42 მხარდამჭერი ჰყავს, მათ შორისაა "ევროპული საქართველოსა" და "ნაციონალური მოძრაობის" 26 დეპუტატი, ასევე "პატრიოტთა ალიანსის" 7 წევრი. ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატები" 6 წევრით და ფრაქციის მიღმა დარჩენილები - ეკა ბესელია, ნატო ჩხეიძე და სხვები. „კონსერვატიული პარტია“ კომისიის შექმნის ინიციატივას, სავარაუდოდ, მხარს არ დაუჭერს. "ქართული ოცნებიდან" წასული დეპუტატების ნაწილის პოზიცია უკვე ცნობილია. ჩუგოშვილი, ცქიტიშვილი და ხულორდავა კომისიას მხარს არ დაუჭერენ.

უფრაქციო დამოუკიდებელი დეპუტატების მხარდაჭერის იმედი არ აქვს მაჩალიკაშვილების ოჯახს. ისინი ხვალიდან ხელმოწერების შეგროვებას განაახლებენ და მერიას განცხადებით მიმართავენ. მათ პარლამენტის წინ ახლა უკვე მწვანე კედელთან ბანერის, ერთი მაგიდისა და ერთი სკამის დადგმა სურთ, სადაც ხელმოწერებს შეაგროვებენ. 

მაჩალიკაშვილების ოჯახის ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ ბანერი ისევ დაპირისპირების საფუძველი გახდეს, რადგან მერია რეაბილიტაციის მომიზეზებით საპროტესტო სივრცის შეზღუდვას ცდილობს. მას არც საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად 50-მდე დეპუტატის მხარდაჭერის იმედი აქვს. 

საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატორი და მისი თანამოაზრეები უკვე მართავენ კონსულტაციებს "ქართული ოცნების" მიღმა დარჩენილ დეპუტატებთან. მათი თქმით, თამარ ჩუგოშვილის, დიმიტრი ცქიტიშვილს და სხვებს გამოცდის ჩაბარება მოუწევთ, მართლა გაემიჯნენ პარტიას თუ ისევ ივანიშვილის დავალებების შემსრულებლებად რჩებიან. 

ინიციატივა უკვე პარლამენტშია. მას კენჭი პლენარულ სხდომაზე უნდა ეყაროს. ოპოზიცია მზადაა, რომ ბოიკოტის რეჟიმი ინიციატივაზე მხარის დასაჭერად დროებით შეწყვიტოს. თუმცა გასულ წელს იდენტური ინიციატივა პარლამენტმა ჩააგდო.

 

 


close დახურვა