დააკავებენ თუ არა ხელახლა გიგი უგულავას. უზენაესმა სასამართლომ ე.წ. ფონდის საქმეზე გადაწყვეტილება 10 თებერვალს, ზეპირი მოსმენის გარეშე უნდა მიიღოს. ამ ბრალდებაზე გიგი უგულავამ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 1 წელი და 3 თვე გაატარა, თუმცა ახლა არ გამორიცხავენ, რომ ორი ინსტანციის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, უზენაესმა შეცვალოს და ოპოზიციის ლიდერი ციხეში შეაბრუნოს.
„ევროპული საქართველოს“ წევრის უფლებადამცველი საქმეს პოლიტიკურ დევნას უკავშირებს, მისი თქმით თადუმაძისთვის დავალება არის მიცემული, რომ გიგი უგულავას თავისუფლება იქნეს აღკვეთილი.
„დღეს როდესაც ამ სასამართლომ განაახლა ამ საქმის განხილვა ჩვენ გვაქვს ეჭვი, რომ დავალება არის მიცემული თადუმაძისთვის, რომ გიგი უგულავას თავისუფლება იქნეს აღკვეთილი, ჩვენ ამას გვაფიქრებინებს ის ტენდენცია, რაც გიგის წინააღმდეგ ბოლო პერიოდში მიმდინარეობს, მოგეხსენებათ მას თავს დაესხნენ რამდენიმე თვის წინ და ამის გამო მას წაუყენეს ბრალდება “,-განაცხადა ბექა ბასილაიამ.
გიგი უგულავამ დღეს პასუხი გასცა კახი კალაძის განცხადებასაც, უგულავამ თბილისის მერს მატყუარა უწოდა, და ხელისუფლების წარმომადგენლებს მოუწოდა დღის ბოლომდე წარადგინონ საბუთი, რომელიც ადასტურებს, რომ გიგი უგულავამ 50 მილიონი მოიპარა და მან ამის აღიარებაზე ხელი მოაწერა.
„ამიტომ როდესაც ბატონი კალაძე საუბრობს, რომ მე რაღაც მოვიპარე, ბატონო კალაძე ხარ უწიგნური, ეტყობა არ იცი კითხვა და არ იცი, რომ მე ამაზე არანაირი ჩვენება არ მიმიცია, არათუ ბრალი არ მიღიარებია. დღის ბოლომდე მოგიწოდებთ, წარმოადგინეთ ჩემი ხელმოწერილი, როგორც თქვენ თქვით, განცხადება თუ აღიარება, რომ მე 50 მილიონი მოვიპარე. ეს არის დაისის ნიშანი, ციხე არავისთვის პრობლემა არ არის, იმიტომ რომ რაც უფრო მეტ პოლიტიკოსს დაიჭერთ ბატონო ბიძინა, მინდა მოგახსენოთ, რომ უფრო კონსოლიდირდება ოპოზიცია“,-განაცხადა გიგი უგულავამ.
თბილისის მერმა დღეს განაცხადა, რომ გიგი უგულავას 50 მილიონი აქვს მოპარული და მას ეს დანაშაული აღიარებული აქვს.
„სადაო რა არის, გიგი უგულავამ თვითონ აღიარა, რომ დანაშაული ჩაიდინა და ამაზე ხელი აქვს მოწერილი. რა პოლიტიკურ დევნაზეა საუბარი კაცმა 50 მილიონი მოიპარა და ხელი მოაწერა, რომ მოვიპარეო“,-განაცხადა კახი კალაძემ.
უგულავას მხრიდან 50 მილიონის მოპარვაზე და აღნიშნული ბრალის აღიარებაზე მმართველი პარტიის სხვა წარმომადგენლებიც საუბრობენ, მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ქვეყანაში დღეს პოლიტიკური დევნა არავის მიმართ არ მიმდინარეობს.
„უდიდესი პოლიტიკური თავხედობაა ის რომ ორი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით დადგენილი დანაშაული, რომელზეც მან თავად მოაწერა ხელი როგორც ვიცი, ამასთან დაკავშირებითაც კი ილაპარაკოს პოლიტიკურ დევნაზე. მე ვურჩევდი მათ რომ როდესაც პოლიტიკურ დევნაზე საუბრობენ სხვა ქეისებთან დაკავშირებით თავად ნუ გაუფასურებენ ამ სიტყვის მნიშვნელობას, დღეს საქართველოში პოლიტიკური დევნა არავის მიმართ არ არის“,-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.