ევროპის სახალხო პარტია იმედგაცრუებულია „ქართული ოცნების“ მიერ პროპორციული სისტემის ჩაგდებითა და საარჩევნო წელს ოპოზიციაზე თავდასხმებისა თუ დევნის გამო. ბრიუსელში უმსხვილესი პოლიტიკური გაერთიანების ასამბლეა მიმდინარეობს, რომელსაც ოპოზიციის ლიდერები ესწრებიან, „ფორმულამ“ ექსკლუზიურად მოიპოვა იმ განცხადების ტექსტი, რომელსაც საქართველოსთან დაკავშირებით ხვალ დაამტკიცებენ.
„ფორმულასთვის“ ცნობილია, რომ განცხადების ტექსტში პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩაგდების პარალელურად საუბარია ხელისუფლების ოპონენტების სამართლებრივ დევნასა და ბიძინა ივანიშვილის იმ განცხადებაზე, რომ ოპოზიციონერი ლიდერებს კვლავ დაიჭერენ.
ასევე ცნობილია, რომ „EPP“-ი მხარს უჭერს მმართველ პარტიასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის დისკუსიას საარჩევნო სისტემაზე.
„ფორმულასთან“ საუბრისას ევრონესტის დელეგაციის ხელმძღვანელი, ანდრიუს კუბილიუსი აცხადებს, რომ იმ დაპირებებთან დაკავშირებით, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ ქართველ ხალხთან და პირადად მასთან გასცა, პროგრესი არ შეინიშნება, მისი თქმით ეს პროცესები ზიანს აყენებს ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს და ამას გარდა აჩენს ეჭვებს მომავალი საპარლამენტო არჩევნების გამჭვირვალობასთან დაკავშირებით.
„პროგრესს ვერ ვხედავ იმ დაპირებებთან დაკავშირებით, რომელიც ხელისუფლებამ დადო არა მხოლოდ შარშან ივნისში, არამედ პირადად ჩემთან. იყო პირობა, რომ იქნებოდა შეთანხმება მიღწეული, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე, მაგრამ ეს საკითხი კვლავ გადაუჭრელია, რაც ზიანს აყენებს საქართველოს საერთაშორისო იმიჯს და არც ნდობას აღადგენს ჩვენში, რომ არჩევნების დროს ყველაფერი გამჭვირვალე და დემოკრატიული იქნება. გვაღელვებს ოპოზიციის ლიდერთა სამართლებრივი დევნის საკითხი, აქაც არაფერი იცვლება. გაიმართება ასოცირების ორმხრივი კომიტეტის სხდომა და ევროპარლამენტის მხრიდან ხალხი ღიად ილაპარაკებს“,-განაცხადა ანდრიუს კუბილიუსმა.
ამ დროისთვის ხელისუფლების ოპონენტები პოლიტიკურ ასამბლეას ესწრებიან, ასამბლეის დაწყებამდე გრიგოლ ვაშაძეს პირისპირ შეხვდა „იპიპის“ ახალ პრეზიდენტს, დონალდ ტუსკს, მისი თქმით, ევროკავშირს საქართველოსთან მიმართებით სამი ძირითადი მოთხოვნა აქვს.
„გზავნილი ჯერჯერობით აქვთ ძალიან მკაფიოდ ჩამოყალიბებული: პირველი, ჩაატარეთ არჩევნები, ისე როგორც თქვენი საერთაშორისო სამართლებრივი ვალდებულებები მოითხოვს, მეორე, გაითვალისწინეთ 27-ვე რეკომენდაცია, რომელიც ეუთომ და ოდირმა დადო მაგიდაზე და მესამე სასწრაფოდ შეწყვიტეთ ოპონენტების დევნა, პროკურატურით, სასამართლოთი და სამართალდამცავი ორგანოებით, იმიტომ რომ საქართველოს რეპუტაციას ანგრევს ეს“,-განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
ბრიუსელში ასევე იმყოფება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, სალომე სამადაშვილი, მისი თქმით, ევროპის სახალხო პარტია ძალიან კრიტიკულად აფასებს საქართველოში მიმდინარე პროცესებს, მისი თქმით ივანიშვილის პოლიტიკა საფრთხეს უქმნის საქართველოს ურთიერთობებს ევროკავშირთან.
„ევროპის სახალხო პარტია ძალიან კრიტიკულად აფასებს იმას, რაც ხდება დღეს საქართველოში და რეალურად ივანიშვილის პოლიტიკას, რომელიც საფრთხეს უქმნის სტაბილურობას საქართველოში და შესაბამისად ჩვენს ურთიერთობებს ევროკავშირთან, ამიტომ იმ დოკუმენტში რომელსაც ევროპის სახალხო პარტია მიიღებს, პირდაპირ იქნება მოწოდება ბიძინა ივანიშვილისთვის, რომ მოლაპარაკებებზე შედგეს შეთანხმება საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, რომელიც იქნება მისაღები, იმისთვის რომ აღდგეს რწმენა საარჩევნო პროცესში“,-განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
„ევროპული საქართველოს“ წევრის, გიორგი კანდელაკის აზრით საქართველო ევროკავშირში გასაწევრიანებლად კონკრეტულ ნაბიჯებს ვერ გადადგამს, მანამ სანამ არ გამოვა იმ ჩიხიდან, რომელშიც ივანიშვილმა ის შეიყვანა.
„ტრაგიკულია, რომ ჩვენ ახლა გვიწევს ასეთ რაღაცეებზე საუბარი და არა ამბიციური კამპანიის წარმოება, რომ საქართველომ ევროკავშირში გასაწევრიანებად გადადგას კონკრეტული ნაბიჯები, მაგრამ ამ ნაბიჯებს საქართველო ვერასდროს გადადგამს თუ არ გამოვა იმ ჩიხიდან, რომელ ჩიხშიც ქვეყანა შეიყვანა ივანიშვილმა. ახლა მნიშვნელოვანია, რომ დღევანდელი დღიდან არჩევნებამდე არ მივცეთ ივანიშვილს საშუალება, რომ გადადგას ისეთი ნაბიჯები, რომლებიც ქვეყანას დააზიანებს “,-განაცხადა გიორგი კანდელაკმა.
ევროპის სახალხო პარტია განცხადებას ხვალ დღის მეორე ნახევარში მიიღებს და გაასაჯაროვებს, ხვალვე დაიწყება ოპოზიციური პარტიების ოთხი ლიდერი ქალის შეხვედრები ევროპარლამენტში და გარდა ევროპარლამენტისა მათ მოლაპარაკებები ექნებათ სხვა ევროსტრუქტურების წარმომადგენლებთანაც.