მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ 100-50-ზე არის ის მოდელი, რომელსაც ქართულმა საზოგადოებამ 2005 წელს დაუჭირა მხარი რეფერენდუმის საშუალებით და ისინი სწორედ ამ ვარიანტს სთავაზობენ მოსახლეობას.
მან ასევე ისაუბრა უმრავლესობის სხდომის შესახებ და განაცხადა, რომ საუბარი იყო ორგანიზაციულ საკითხებზე და რაიმე სახის კომპრომირულ მოდელზე უმრავლესობის წევრებს არ უსაუბრიათ.
„დღეს უნდა მოგვესწრო საუბარი ძალიან ბევრ თემაზე და ამიტომ შევიკრიბეთ პლენარულ სხდომამდე. იყო საუბრები ორგანიზაციულ საკითხებზე. არ ყოფილა საუბარი გადაიხედება თუ არა ჩვენი შეთავაზება ოპოზიციისადმი. მედიის რამდენიმე წარმომადგენელი დახვდა დეპუტატებს და დაუსვა კითხვა, რომ გადაიხედება სისტემა - ეს იყო ტყუილი და ნუ მოატყუებთ დეპუტატებს კითხვაში. ჩვენ ოპოზიციას შევთავაზეთ ჩვენი ვარიანტი - მოვისმინეთ რომ ეს არ მოსწონთ და მათი შემხვედრი ვარიანტი არ მოგვისმენია. ავღანური ვარიანტი არის არაპრაქტიკული და არადემოკრატიული, მაგრამ მათ რეალური მოდელი ვერ წარმოგვიდგინეს. ჩვენ წავედით კომპრომისზე. 2005 წელს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შემოიღო მოდელი 75-75, ჩვენ კი ვთავაზობთ მათ რეფერენდუმის შედეგად მიღებულ მოდელს", - აცხადებს მამუკა მდინარაძე.
რაც შეეხება ირაკლი კობახიძის განცხადებას არჩევნებში ხმების 60%-ის აღების შესახებ, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ „ქართულ ოცნებას“ სწორედ ასეთი ვარაუდი აქვს და ეს პროცენტული მაჩვენებელი არის მინიმუმი.
„ჩვენ გვაქვს სწორება, რომ ოცნებამ მიიღოს 50-60%, ეს არის მინიმუმი", - ამბობს მდინარაძე.
უმრავლესობის ლიდერი გამოეხმაურა დავით ზალკალიანის აშშ-ში ვიზიტსაც და განაცხადა, რომ კონგრესმენებთან შეხვედრამ პოზიტიურად ჩაიარა.
„ზალკალიანის შეხვედრის დეტალები არ ვიცი, მაგრამ ვიცი, რომ იყო პოზიტიური შეხვედრა. ჩვენ გავაგრძელებთ ინტენსიურ კომუნიკაციას, რათა იცოდნენ სრული და ამომწურავი ინფორმაცია. ჩვენთვის ძალიან ძვირფასია თითოეული კოლეგის დამოკიდებულება", - ამბობს მდინარაძე.
ის ასევე ამბობს, რომ „ქართული ოცნება“ ხალხის წინაშე პასუხს აგებს არჩევნების გზით და „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მართული აქციები არ გამოხატავს ხალხის ნებას.
„ჩვენ თუ გარკვეული გადაწყვეტილება ვერ აღვასრულეთ, რომ ჩატარებულიყო პროპორციული არჩევნები 2020 წელს - ამაზე პასუხი უნდა მოგვთხოვოს ხალხმა და ხალხი პასუხს გვთხოვს არჩევნების დროს. ჩენ დავარწმუნებთ საზოგადოებას სიმართლეში", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
