დილიდან პარლამენტის ყველა შესასვლელთან პიკეტი იყო. „ქართული ოცნების“ დეპუტატებს შეძახილებისა და ხმაურის ფონზე მოუხდათ სირცხვილის კორიდორის გავლა და ამ გზით საკანონმდებლო ორგანოში შესვლა. მმართველი გუნდის ნაწილი დაუგეგმავი სხდომის მოტივით ოპოზიციისა და აქტივისტების პროტესტს აერიდა და პარლამენტში ნაადრევად მივიდა. ისინი კი ვინც უმრავლესობის სხდომაზე არ მიიწვიეს, პარლამენტის შენობაში შეძახილებისა და პროტესტის ფონზე შევიდნენ.
აქციის მონაწილეები პროპორციული სისტემის შემოღების მოთხოვნით შეიკრიბნენ და გააპროტესტეს ოპონენტებთან და განსხვავებულ აზრთან ბრძოლის მეთოდები, რომელიც მათი თქმით, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას სულ უფრო აახლოებს საბჭოთა მმართველობის სტილთან. პარლამენტის შესასვლელთან აქტივისტებმა საბჭოთა კავშირის დროშა დაწვეს.
თუმცა, პარლამენტისთვის ბოქლომის დადების უფლება დღეს აქციის მონაწილეებს პოლიციამ არ მისცა. პირი, რომელიც რკინის ჯაჭვის შემოვლებას საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელ ჭიშკარზე ცდილობდა, სამართალდამცველებმა გამოიყვანეს და შესასვლელთან მიახლოების უფლება არ მისცეს. აქციის მონაწილეების განცხადებით, შეუსრულებელი დაპირების, საარჩევნო სისტემის უცვლელად დატოვების და ჩავარდნილი საკონსტიტუციო განხილვების შემდეგ, „ქართული ოცნების“ დეპუტატებს საკანონმდებლო ორგანში შესვლის უფლება არ აქვთ. სამოქალაქო აქტივისტებმა კრემლის ბანერი პარლამენტის წინ სამშენებლო ღობეზეც გადმოკიდეს, ამბობენ, რომ ხელისუფლება სულ უფრო ხშირად იყენებს რუსულ ხერხებს და ნაბიჯებს დგამს ავტორიტარიზმისკენ.
პარლამენტის შენობის ყველა შესასვლელთან დილიდან ოპოზიციური პარტიების ლიდერებიც იყვნენ შეკრებილები, პოლიტიკური ლიდერებმა მსვლელობით საკანონმდებლო ორგანოს წრე დაარტყეს. ერთიანი ძალებით ერთის, ბიძინა ივანიშვილის მმართველობის წინააღმდეგ და პროპორციული არჩევნების მოთხოვნით ბრძოლის გაგრძელებას ოპოზიცია სხვადასხვა გზით აპირებს. მათი განცხადებით, საპროტესტო აქციები და ადმინისტრაციული შენობების პიკეტირება გაგრძელდება. ისევე , როგორც მოლაპარაკებათა მაგიდასთან საუბარი.
თბილისის მერიის მიერ პარლამენტის წინ აღმართული სამშენებლო ღობე დღეს საგამოფენო სტენდად იქცა. დემონსტრაციის დასრულების შემდეგ, აქციის მონაწილეებმა იქ 20 ივნისის დარბევის ფოტოები და საპროტესტო ბანერები დატოვეს.
