logo
ENG



ბაღდათში დაღუპულების ოჯახი: ტრაგედია არ მოხდებოდა მერიას დროებითი საცხოვრებელი ფართი რომ გამოეყო

05 თებ 202020:22
3 წუთის საკითხავი
 

ბაღდათში ტრაგედიის შედეგად დაღუპულებს გლოვობენ და იმ უმძიმესი გაჭირვების მიზეზებს ეძებენ, რომელშიც მოსახლეობაა. მუნიციპალიტეტში 201 ბავშვი შიმშილის ზღვარზეა, ადგილობრივი ბიუჯეტიდან კი სპორტზე, კულტურასა და რელიგიურ აქტივობებზე ორჯერ მეტი იხარჯება, ვიდრე გაჭირვებულთა სოციალურ უზრუნველყოფაზე. მონაცემებს ფლანგვის დეტექტორი აქვეყნებს. მოსახლეობა და ოპოზიციის წარმომადგენლები უკიდურეს სიღარიბეს ბიუჯეტის არასწორი პრიორიტეტებით ხსნიან.

დაღუპული გორგოძეების ოჯახის წევრები დღეს შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ. ისინი ამბობენ, რომ ტრაგედია არ მოხდებოდა, თუკი მერია მათ თხოვნას გაითვალისწინებდა და დროებითი სარგებლობისთვის საცხოვრებელ ფართს გამოუყოფდა, სადაც ღირსეული პირობები იქნებოდა.

ბაღდათის მოსახლეობა მძიმე სოციალურ მდგომარეობაზე ხმამაღლა საუბრობს. ადგილობრივები ფიქრობენ, რომ მათი თანხები არამიზნობრივად იხარჯება და მუნიციპალიტეტს პრიორიტეტები არასწორად აქვს განსაზღვრული. ფლანგვის დეტექტორის მონაცემებით, ბაღდათში 21 700 მოსახლეა, აქედან, 8%-ს უკიდურეს სიღარიბესთან უწევს ბრძოლა, მათ შორის 201 ბავშვია. 

ბაღდათის ყოველწლიური ბიუჯეტი 10 მილიონი ლარია, საიდანაც რელიგიურ, კულტურულ და სპორტულ აქტივობებზე ორჯერ მეტი იხარჯება, ვიდრე გაჭირვებულთა სოციალურ უზრუნველყოფაზე. ადგილობრივი ოპოზიცია ხელოვნურად გაზრდილ ბიუროკრატიულ ხარჯებზე საუბრობს. 

„ფორმულამ“ ბაღდათის მერს ჰკითხა რატომ არ გამოყოფს მერია მეტ თანხას სოციალურ პროექტებზე, თუმცა ბაღდათის მერმა არჩილ გოგსაძემ კითხვებზე საპასუხოდ ვერ მოიცალა და აპარატის თანამშრომელმა განმარტა, რომ მერი დღეს უფრო მნიშვნელოვანი საკითხებით არის დაკავებული. 

ბაღდათის მოსახლეობა ორი დღის წინ დატრიალებულ ტრაგედიას, რომელსაც 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა,უმძიმეს სოციალური პირობებს უკავშირებს. მოსახლეობას იმედი აქვს, რომ ადგილობრივი ხელისუფლება სოციალურად გაჭირვებული მოსახლეობის დასახმარებლად ბიუჯეტიდან თანხებს ადეკვატურად გაანაწილებს.


close დახურვა