logo
ENG



ოპოზიცია: პროპორციული არჩევნები რომ ეწინააღმდეგებოდეს კონსტიტუციას, ეუთო შესაბამის დასკვნას დადებდა

06 თებ 202012:13
3 წუთის საკითხავი
 

ოპოზიცია ეუთო-ოდირის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნას ეხმაურება. როგორც ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა აღნიშნეს, ეუთო-ს დასკვნამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ის, რომ მათ მიერ შემუშავებული კანონპროექტი კონსტიტუციასთან შესაბამისობაშია. 

გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი გრიგოლ ვაშაძე ამბობს, რომ ეუთო სთხოვს მმართველ გუნდს საარჩევნო სისტემა კონსენსუსზე იყოს დაფუძნებული. 

„ამ დოკუმენტში არის ორი მთავარი პუნქტი. პირველი პუნქტი - პროპორციული არჩევნები და ე.წ. გერმანული მოდელი, საქართველოს კონსტიტუციას არ ეწინააღმდეგება. რომ ეწინააღმდეგებოდეს, ეუთო ამ დასკვნასაც გამოიტანდა, როგორც ამას აკეთებდა სხვა ქვეყნებთან მიმართებაში. მეორე პუნქტი - ეუთო ცალსახად სთხოვს დღევანდელ ე.წ. ხელისუფლებას, რომ მიიღოს ის მოდელი, რომელიც იქნება დაფუძნებული კონსენსუსზე“, - აღნიშნა გრიგოლ ვაშაძემ.

"ლელო საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, რომ დასკვნაში კონსტიტუციურობის განხილვა არ მომხდარა, რადგან ის კონსტიტუციას შეესაბამება. 

„დასკვნა არის ტექნიკური ხასიათის. კონსტიტუციურობის საკითხი არც არის დასმულია, რადგან გაგზავნილი მოდელი არის სრულ შესაბამისობაში კონსტიტუციასთან და ის ითვალისწინებს შერეულ, მაჟორიტარულ-პროპორციულ არჩევნებს, ოღონდ იქ არის ის პრინციპი ჩადებული, რომელიც საშუალებას იძლევა რომ პარლამენტში მოხდეს ასახვა პარტიების წარმომადგენლობის. ეს არის ამ მოდელის არსი“, - ამბობს ბადრი ჯაფარიძე.

კოლეგების აზრს იზიარებს "ევროპული საქართველოს" წევრი ოთახ კახიძეც და მბობს, რომ დოკუმენტი საჯაროა, რომლის გადამოწმებაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია. 

„დასკვნაში წერია, რომ მოქმედი კონსტიტუციით 73 მაჟორიტარია დადგენილი. არსებული კანონმდებლობით 73 მაჟორიტარი აირჩევა ერთმანდატიანი სისტემით, ხოლო ჩვენი შეთავაზებული მოდელით მრავალმანდატიანი სისტემით. ანუ ჩვენი პროექტი კონსტიტუციურობის ფარგლებშია. ასევე აღნიშნულია, რომ საარჩევნო ცვლილებებს და ამ მოდელზე გადასვლას სჭირდება ორგანული კანონის ცვლილება, რასაც სჭირდება უბრალო უმრავლესობა, შესაბამისად, რომ სჭირდებოდეს კონსტიტუციური ცვლილება, ამას მიუთითებდნენ“, - განაცხადა კახიძემ. 

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციის მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებათა პროექტი, რომელიც არჩევნების, ე.წ. გერმანული მოდელით ჩატარებას ითვალისწინებდა, ორი თვის წინ ეუთო-ოდირში გაიგზავნა. პაკეტს ხელს 30-მდე პარტია აწერს. დასკვნაში წერია, რომ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი მხოლოდ ორგანული კანონის შეცვლას ითხოვს და არა კონსტიტუციის, სწორედ ეს იყო სადავო მმართველი "ქართული ოცნების" მხრიდან. მიუხედავად ამისა, ხელისუფლებაში მაინც ფიქრობენ, რომ ე.წ გერმანული მოდელი საქართველოს კონსტიტუციას არ შეესაბამება.


close დახურვა