logo
ENG



სირცხვილია აშშ-ს ელჩს: გთხოვთ, დაარწმუნოთ მმართველი პარტია მიიღოს სამართლიანი საარჩევნო სისტემა

06 თებ 202013:24
3 წუთის საკითხავი
 

მოძრაობა "სირცხვილია" საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ახლადდანიშნულ ელჩს, კელი დეგნანს მიმართავს. მოძრაობის აქტივისტები ამერიკელ დიპლომატს დახმარებას სთხოვენ. მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში საუბარია ე.წ. გავრილოვის ღამეზე და ქვეყანაში ბოლო პერიოდის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებზე. 

"პირველ რიგში, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება საქართველოში, ქვეყანაში, რომელიც საუკუნეებია იბრძვის თავისუფლებისთვის. უკვე თითქმის სამი ათწლეული გავიდა, რაც ფორმალურად დამოუკიდებლები ვართ რუსეთისგან, მაგრამ ჩვენ დღემდე ვისჯებით სურვილისთვის, თავად განვსაზღვროთ საკუთარი ბედი.

"ქართველმა ხალხმა საკუთარი ისტორიული არჩევანი კონსტიტუციაში ასახა – ჩვენ გვსურს დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფო, სადაც დაცული იქნება ადამიანის უფლებები. ჩვენ ვისწრაფით ევროკავშირისა და ნატოსკენ და ეს ძალიან ძვირი გვიჯდება: საქართველოს 20% ოკუპირებულია, ოკუპანტი ქვეყანა ევროატლანტიკური არჩევანის გამო მუდმივი პოლიტიკური დესტაბილიზაციით გვიხდის სამაგიეროს, მაგრამ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება ბრძოლას მაინც აგრძელებს.

"პროპორციული არჩევნები ჩვენი აქციების 3 მოთხოვნიდან უმნიშვნელოვანესი იყო, რადგან არსებული შერეული სისტემა ვერ უზრუნველყოფს საზოგადოებრივი ჯგუფების სრულყოფილ რეპრეზენტაციას საკანონმდებლო ორგანოში, ხელს უწყობს მმართველი პარტიის საკონსტიტუციო უმრავლესობას, ერთ ხელში ძალაუფლების უსამართლო კონცეტრირებას, საზოგადოების პოლარიზაციასა და მოქალაქეებში ნიჰილიზმის გაღვივებას. რაც მთავარია, პროპორციული სისტემა დაიცავს ჩვენს კონსტიტუციაში ასახულ სწრაფვას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისკენ, უზრუნველყოფს პოლიტიკურ პლურალიზმსა და დემოკრატიულ მმართველობას. ერთმმართველობის, პოლარიზაციისა და ზიზღით გაჟღენთილი კამპანიების დასრულების მოლოდინში ჩვენ მოთმინებით ველოდით დაპირების შესასრულებლად სათანადო პროცედურების დაწყებას, ოპოზიციას და საზოგადოებას მოვუწოდებდით სიმშვიდისკენ, როდესაც შს მინისტრ გიორგი გახარიას გადაყენების ნაცვლად, პრემიერად აწინაურებდნენ, ვსკანდირებდით “მშვიდობას”, როცა ხელისუფლება პრორუსული, მოძალადე ჯგუფების ხელით გვარბევდა და გამამხნევებელი სიტყვებით ვათბობდით ერთმანეთს, როცა ზამთრის სუსხში ჩვენს მანიფესტაციებს ცივი წყლის ჭავლით შლიდნენ და პოლიციელთა ცრუ ჩვენებების საფუძველზე აქტივისტებს ციხეებში ამწყვდევდნენ.

"საერთაშორისო პარტნიორების მოტყუებისა და საზოგადოების ღალატის შემდეგ, ხელისუფლებამ წამოიწყო შეტევის ახალი ტალღა სამოქალაქო აქტივისტებისა და ჩვენი მოძრაობის წევრების მიმართ. მხოლოდ ნოემბრიდან დღემდე 92 მშვიდობიანი აქტივისტი დააკავეს. გარდა დაკავებებისა, ხელისუფლება საბჭოთა კავშირის რეჟიმის მემკვიდრე ადმინისტრაციული კოდექსის გამოყენებით ფინანსურ ზეწოლას ახორციელებს პროტესტის გამომხატველ ახალგაზრდობაზე. ამ დრომდე მათზე გამოწერილი ჯარიმების თანხა 30,000 ლარს აჭარბებს. იმ პირობებში, როდესაც ახალგაზრდებში უმუშევრობა 25%-ს აჭარბებს და მოსახლეობის 20% აბსოლუტური სიღარიბის ნიშნულს ქვეშაა, ხელისუფლება დასაქმებულის საშუალო თვიურ შემოსავალზე დიდ ჯარიმებს აკისრებს მშვიდობიან მანიფესტანტებს.

"გვინდა გთხოვოთ, დაეხმაროთ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას, რათა ქვეყანამ მყარი ნაბიჯები გადადგას დასავლეთისკენ, დემოკრატიისკენ, თავისუფლებისკენ და ეკონომიკური აღმავლობისკენ, რისი მიღწევაც პოლიტიკური სტაბილურობის გარეშე შეუძლებელია. გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენს ხელთ არსებული ყველა მექანიზმი, რათა დაარწმუნოთ მმართველი პარტია, შეასრულოს საზოგადოების დაკვეთა და მიიღოს სამართლიანი საარჩევნო სისტემა", - ნათქვამია განცხადებაში. 

 


close დახურვა