logo
ENG



ევროკავშირი: მნიშვნელოვანია 2020 წლის არჩევნებისთვის ყველა მხარისთვის მისაღები გადაწყვეტილების პოვნა

07 თებ 202019:01
3 წუთის საკითხავი
 

ევროკავშირმა „საქართველოს მიერ ასოცირების პროცესის განხორციელების შესახებ“ მეოთხე ანგარიში გამოაქვეყნა.

ანგარიშში საუბარია 2019 წლის 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებზე. განცხადებაში ნათქვამია, რომ საპროტესტო აქცია, სადაც მოქალაქეები რუსეთის დუმის წევრის მიერ პარლამენტის თავმჯდომარის ადგილის დაკავებას აპროტესტებდნენ, ხელისუფლებამ ცრემლსადენი გაზისა და რეზინის ტყვიების გამოყენებით დაარბია. 

„20 ივნისს, საქართველოს პარლამენტის სხდომაზე რუსეთის სახელმწიფო დუმის წევრმა, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის თავმჯდომარემ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი დაიკავა. იგი მოწვეული იყო პარტია "ქართული ოცნების" წევრების მიერ. ამ მოვლენას საპასუხო რეაქციად ანტი-სამთავრობო საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა. დემონსტრაციები პოლიციამ ცრემლსადენი გაზისა და რეზინის ტყვიების გამოყენებით დაარბია, რამაც მძიმე დაზიანებები გამოიწვია და შემდეგი თვეების განმავლობაში მომდევნო დემონსტრაციები განაპირობა. დაიწყო ორი გამოძიება, ერთი - დემონსტრანტების  წინააღმდეგ ჯგუფური ძალადობის ბრალდებით, ხოლო მეორე  პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენების გადაჭარბებასთან დაკავშირებით. „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო ცვლილების წინადადება შემოიტანა, რომლის მიხედვითაც სრულად პროპორციული არჩევნები უნდა ჩატარებულიყო უკვე 2020 წელს 2024-ის ნაცვლად, როგორც ეს თავდაპირველად კონსტიტუციით იყო გათვალისწინებული“, - ნათქვამია ხელშეკრულებაში.

ანგარიშში საუბარი შეეხო, პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩაგდებასაც. განცხადებაში ნათქვამია, რომ საკონსტიტუციო ცვლილების ჩაგდებამ ქვეყანაში პოლიტიკურად არასტაბილური ვითარება შექმნა.

„14 ნოემბერს პარლამენტის კენჭისყრაზე საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტის ჩავარდნამ შემდგომი პოლიტიკური არასტაბილურობა და ქუჩაში გამართული პროტესტები გამოიწვია. საარჩევნო რეფორმის პროცესი შეჩერებულია. ჩიხიდან გამოსასვლელი გზის მოსაძიებლად და არჩევნების წინ შემდგომი ნაბიჯების შესათანხმებლად პოლიტიკური დიალოგის შეხვედრები გაიმართა“,- ნათქვამია ხელშეკრულებაში.

ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე. სადაც წერია, რომ პროკურატურამ მათ თერთმეტი წლის წინათ, ფულის სავარაუდო გათეთრებასთან დაკავშირებით ბრალი წაუყენა.

„გრძელდებოდა გამოძიება თიბისი ბანკის ორი თანადამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე. ზაფხულში პროკურატურამ მათ თერთმეტი წლის წინათ ფულის სავარაუდო გათეთრებასთან დაკავშირებით ბრალი წაუყენა. ამავე ტრანზაქციასთან დაკავშირებული ბრალდება, ასევე ტელეკომპანია „პირველის“ მფლობელის მამას, ბ-ნ ვახტანგ წერეთელს წაუყენეს.
სექტემბერში ხაზარაძემ და ჯაფარიძემ სამოქალაქო მოძრაობა „ლელო“ დააფუძნეს, რომელიც დეკემბერში პოლიტიკურ პარტიად გარდაიქმნა,“ - ვკითხულობთ ანგარიშში.

ევროკავშირის ანგარიშში ყურადღება მედია გარემოზეც არის გამახვილებული, რომლის მიხედვითაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს „რუსთავი 2“-ის საქმეზე ივლისში გამოქვეყნებული გადაწყვეტილების გამო საქართველოს მედიაგარემო პოლარიზებული დარჩა და არსებითი ცვლილებები განიცადა.

„საქართველოს მედიაგარემო პოლარიზებული დარჩა და არსებითი ცვლილებები განიცადა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს „რუსთავი 2“-ის საქმეზე ივლისში გამოქვეყნებული გადაწყვეტილების გამო. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გააუქმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება და არხი თავის წინა მფლობელს დაუბრუნდა, რამაც მენეჯმენტისა და პერსონალის ფართომასშტაბიანი ცვლილებები გამოიწვია. სექტემბრისთვის, ჟურნალისტების ნაწილი „რუსთავი 2“- ის ყოფილი დირექტორის მიერ შექმნილ ახალ სატელევიზიო „მთავარ არხზე“ სამუშაოდ გადავიდა. დეკემბერში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საჩივარი მიღებული გადაწყვეტილების გადასინჯვასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა, რითაც ამ საქმეზე სამართლებრივი დავა, არხის საკუთრების დადასტურებული ცვლილებით, საბოლოოდ დასრულდა. სექტემბერში ტელეკომპანია „ევრონიუს საქართველო“ დაფუძნდა (მისი ეთერში გასვლა დაგეგმილია 2020 წლის ზაფხულამდე) და ოქტომბერში „ფორმულა TV-მ“ დაიწყო მაუწყებლობა.

„საქართველოს მიერ ასოცირების პროცესის განხორციელების შესახებ“ გამოქვეყნებულ მეოთხე ანგარიშში უზენაესი სასამართლოების უვადოდ დანიშნულ მოსამართლეებზეც არის საუბარი. ანგარიშის მიხედვით, მთლიანმა პროცესმა სათანადო გამჭვირვალობა და თანამდებობაზე კონკრეტული ადამიანების დამსახურების საფუძველზე არჩევა ვერ უზრუნველყო.

„მარტში პარლამენტმა „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებები დაამტკიცა, რომელიც შერჩევის აუცილებელ კრიტერიუმებს განსაზღვრავდა, მაგრამ ისინი ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს მხოლოდ ნაწილობრივ ასახავდა. გაიზარდა ხარვეზები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლეთა წარდგენის პროცესში, რაც ასევე ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა (OSCE/ODIHR) გამოავლინა. 12 დეკემბერს, პარლამენტმა უვადოდ დაამტკიცა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 14 კანდიდატი. მთლიანმა პროცესმა სათანადო გამჭვირვალობა და დამსახურების საფუძველზე არჩევა ვერ უზრუნველყო“, - ვკითხულობთ ანგარიშში.

ანგარიშის ბოლოს ყურადღება გამახვილებულია 2020 წელს საქართველოში დაგეგმილ არჩევნებზე. როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, 2020 წლის შემოდგომაზე ჩასატარებელი საპარლამენტო არჩევნები გადამწყვეტად მნიშვნელოვანი იქნება საქართველოსთვის.

„2020 წელი მნიშვნელოვანი იქნება საქართველოსთვის, რომ გააგრძელოს რეფორმების გატარების მზაობა, რაც გადამწყვეტი იქნება მისი შემდგომი წინსვლისთვის ევროპის გზაზე. დიდი მნიშვნელობა ექნება მზარდი პოლიტიკური პოლარიზაციის გასანეიტრალებლად ამბიციური საარჩევნო რეფორმების გატარებას და სასამართლო რეფორმის განხორციელებას. რაც შეეხება მომავალს, 2020 წლის შემოდგომაზე ჩასატარებელი საპარლამენტო არჩევნები გადამწყვეტად მნიშვნელოვანი იქნება საქართველოსთვის 28 დემოკრატიისადმი ერთგულების დასადასტურებლად. მიმდინარე საარჩევნო რეფორმის ამოცანა უნდა იყოს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) მიერ შემოთავაზებულ ყველა რეკომენდაციასთან შესაბამისობა. ამავე დროს, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ყველა მხარისათვის მისაღები გადაწყვეტილების პოვნა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით“, - ვკითხულობთ ანგარიშში.


close დახურვა