logo
ENG



ბოკუჩავა: კოორდინაცია გაგრძელდება იმ საკითხებზე, რომელიც ივანიშვილის დამარცხებისთვის არის საჭირო

10 თებ 202008:07
3 წუთის საკითხავი
 

გაერთიანებული ოპოზიციის წევრები მოლაპარაკების მაგიდასთან კიდევ ერთხელ შეიკრიბებიან. მმართველი გუნდის ოპონენტები დღევანდელ შეხვედრაზე სამომავლო გეგმებს განიხილავენ.

იქამდე სანამ ხელისუფლება-ოპოზიციას შორის შეხვედრის მეხუთე რაუნდი გაიმართება, ოპოზიციის წევრები მთავარ მოთხოვნაზე შეთანხმდებიან. ოპოზიციის ნაწილი არ გამორიცხავს, რომ მმართველ პარტიასთან ახალი შეთავაზებაც ჰქონდეთ, ეს კი შესაძლოა 130/20-ზე იყოს.

ოპოზიციური სპექტრისთვის მისაღები ყველა ის საარჩევნო სისტემა იქნება, რომელიც პროპორციულ მოდელს ემყარება. იმ შემთხვევაში თუ მმართველი გუნდი დათმობაზე არ წავა, გაერთიანებული ოპოზიციის წევრები პიკეტირებასა და საპროტესტო აქციებს აანონსებენ.

„ქართული პოლიტიკური სპექტრი შეთანხმდა მთავარზე, რომ შეიცვალოს ოლიგარქიული სამარცხვინო რეჟიმი დემოკრატიული პროპორციული გზით. ეს შეხვედრა ამ გზების დახვეწას ემსახურება, ასევე ტაქტიკური-სტრატეგიული ამოცანების გადაწყვეტას, რაც გულისხმობს მოლაპარაკებებზე პოზიციების გამომუშავებას, მიტინგების ორგანიზებას რეგიონებში და თბილისში. შეხვედრაზე მოდელები განიხილება მაგრამ მთავარი მოდელები პროპორციული არჩევნები და მაჟორიტარების მოსპობა შეთანხმებული და ზალაში დარჩენილი პრინციპია“, - განაცხდა „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა.

„ევროპული საქართველოს“ წევრის ოთარ კახიძის თქმით, ოპოზიცია დათანხმდება მხოლოდ იმ მოდელს, რომელიც დემოკრატიულობის პრინციპზე იქნება დაფუძნებული და პროპორციულ საარჩევნო სისტემას მოიცავს. 

„განვაგრძობთ კონსულტაციებს იმისათვის, რომ ქვეყანაში მიღწეულ იქნას დემოკრატიული თამაშის წესები, რათა ერთმა პირმა არ მოახდინოს ბოლომდე ხელისუფლების უზურპაცია. ნებისმიერი მოდელი, რომელიც ეფუძნება პროპორციულობის პრინციპს მისაღები იქნება, თუ ამ შემოთავაზებას გააკეთებს ხელისუფლება“, - აცხადებს ოთარ კახიძე.

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის თინა ბოკუჩავას განცხადებით, კოორდინაცია გაგრძელდება ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხზე, რომელიც ივანიშვილის რეჟიმის დამარცხებისთვის არის საჭირო.

„განვიხილავთ მათ შორის მეხუთე რაუნდის მოლაპარაკებებს, სამომავლო საპროტესტო აქციებს, იქნება ეს პიკეტირება, ფართომასშტაბიანი აქციები თუ სხვა ტიპის პროტესტი, ვისაუბრებთ სამომავლო წინასაარჩევნო კოორდინაციაზე, რომელიც ასევე შეიძლება შედგეს ოპოზიციას შორის. კოორდინაცია გაგრძელდება ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხზე, რომელიც საჭიროა ივანიშვილის რეჟიმის დამარცხებისთვის“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.


close დახურვა