„ყველაზე მთავარი ახლა არის საქართველოს მოქალაქის გამოღვიძება იმ ლეთარგიული ძილიდან, რომელშიც სამწუხაროდ, ჯერჯერობით არის“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, დაიწყება საპროტესტო აქციები და პარალელურად, ოპოზიცია შეთანხმდება საარჩევნო სტრატეგიაზე, რაც ყველა მაჟორიტარულ ოლქში საერთო კანდიდატის წარდგენას გულისხმობს.
„ახლა ყველა ღონე, ძალა უნდა ვიხმაროთ იმისათვის, რომ ოპოზიცია კარგი ჯავშანმატარებელივით დადგეს ლიანდაგზე, ერთ მხარეს იყოს უწყვეტი საპროტესტო აქციები, მეორე მხარეს კიდევ დალაგება საარჩევნო სტრატეგიის ისე, რომ არავინ არავის კონკურენტი არ იყოს ოპოზიციაში და არჩევნები მოვიგოთ. ყველაზე მეტად აქ გვჭირდება საქართველოს მოქალაქის აქტიურობა. დიალოგი აღარ იქნება. შემდეგი ნაბიჯები იქნება საპროტესტო აქციები, დალაგება ჩვენი საარჩევნო სტრატეგიის, ისე, რომ ყველა ოპოზიური პარტია იყოს მოკავშირე, ყველა მაჟორიტარულ ოლქში გვყავდეს ერთი კანდიდატი, ეს სამუშაო თბილისზე უკვე დაწყებულია. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ესენი მწარედ დამარცხდნენ არჩევნებზე. საქართველოს მოქალაქეების მობილიზაცია, ოპოზიციური პარტიების სტრატეგიული გეგმის შეთანხმება, რომ ყველა ყველას მოკავშირე იყოს და არც ერთ მაჟორიტარულ ოლქში ოპოზიციურმა პარტიებმა ერთმანეთს არ გაუწიოს კონკურენცია და ყველაზე მთავარი - საქართველოს მოქალაქის გამოღვიძება იმ ლეთარგიული ძილიდან, რომელშიც სამწუხაროდ, ჯერჯერობით არის საქართველოს მოქალაქე“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
შეგახსენებთ, უზენაესმა სასამართლომ თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე უგულავა დამნაშავედ ცნო და მას 3 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. პროკურატურა უგულავას 48 მილიონი ლარის მითვისებას ედავებოდა. საქმე ეხება თბილისის განვითარების ფონდის საქმეს. საქალაქო და სააპელაციო სასამართლომ რამდენიმე წლის წინ, როდესაც ამ საქმეზე იმსჯელა, თქვა, რომ არ ყოფილა თანხის მითვისება და საქმე მხოლოდ თანამდებობის უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ეხებოდა. ამ მუხლით გიგი უგულავა საქალაქო სასამართლომ გაამტყუნა, ერთი წლით და სამი თვით პატიმრობა მიუსაჯა, რაც უგულავას უკვე მოხდილი აქვს. უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება დღეს ზეპირი მოსმენის გარეშე მიიღო.