logo
ENG



შეგნებულად გვთავაზობდნენ ისეთ ვარიანტებს, რომ უარი გვეთქვა - ოპოზიცია დიალოგის გაგრძელებას არ აპირებს

12 თებ 202017:07
3 წუთის საკითხავი
 

საპარლამენტო ოპოზიცია მოლაპარაკებების გაგრძელებასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ შეთავაზებაზე უარს აცხადებს.

როგორც „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგა ბოკერიამ აღნიშნა, საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან უმძიმესი შეფასებების ფონზე, ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება იქნება, თუ ხელისუფლება საზოგადოების წინაშე აღებულ ვალდებულებას შეასრულებს და ოპოზიციის კომპრომისულ შეთავაზებას დათანხმდება.

„პასუხისმგებლობა მათ დაეკისრათ და როგორც მოსალოდნელი იყო, ქვეყნის შიგნით და გარეთ შეხვდათ მთელი ტალღა უმძიმესი შეფასებების. ახლა აქედან გამოძრომას ცდილობენ რაღაც იაფფასიანი, უნიჭო კლოუნადით, რაც ახასიათებს ხოლმე პოლიტიკურ მასხარებს. საზოგადოების წინაშე აღებული ვალდებულება დაღვრილი სისხლის, გავრილოვის ღამის შემდეგ შეასრულონ, გონივრული კომპრომისით მაინც, რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ. გვჭირდება, რომ პოლიტიკური პატიმრები გაუშვან და დაასრულონ ძალადობა, პოლიტიკური დევნა“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, რომან გოცირიძის თქმით, მმართველი გუნდი მხოლოდ საერთაშორისო თანამეგობრობაზე გათვლილ განცხადებას აკეთებს, რეალურად კი, არავითარ დათმობას არ აპირებს.

„არავითარი დიალოგი არ უნდა ხელისუფლებას. მათი ყველა წინადადება იყო რეალობის იმიტაცია. შეგნებულად გვთავაზობდნენ ისეთ ვარიანტებს, რომ ოპოზიციას ეთქვა უარი და შემდეგ მომხდარიყო ოპოზიციისთვის გადაბრალება ამომრჩევლისა და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების თვალში. ახლა ამ უმკაცრესი საერთაშორისო კრიტიკის ფონზე, გადაწყვიტეს, რომ კვლავ მიმართონ ნაცად ხერხეს“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ დღეს ოპოზიციას დიალოგის რეჟიმში დაბრუნებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ამას არამხოლოდ საზოგადოება ელოდება, არამედ ქვეყანას პარტნიორი სახელმწიფოებიც ურჩევენ. 


close დახურვა