20 ივნისის სისხლიანი ღამიდან 1 წელი გავიდა. ანტისაოკუპაციო აქციაზე შეკრებილი მოქალაქეების წინააღმდეგ ხელისუფლებამ რეზინის ტყვიები და ცრემლმდენი აირი გამოიყენა, რის შედეგადაც დაიჭრა და დასახიჩრდა ასობით ადამიანი, რამდენიმე ახალგაზრდამ კი მხედველობა დაკარგა.
მოქალაქეების პროტესტი მაშინ პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში რუსი კომუნისტი დეპუტატის სერგეი გავრილოვის დანახვამ გამოიწვია. აღშფოთებულმა მოქალაქეებმა საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრება დაიწყეს. ისინი მომხდარის გამო პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომას და ღონისძიების ორგანიზატორი დეპუტატების მხრიდან მანდატების დატოვებას ითხოვდნენ.
თანამდებობის პირების მიერ მომიტინგეების მოთხოვნების იგნორირებამ საპროტესტო მუხტი კიდევ უფრო გააძლიერა, ღამით კი სპეცრაზმმა გაფრთხილების გარეშე მოქალაქეების დარბევა დაიწყო. დამიზნებით ესროდნენ მათ რეზინის ტყვიებს. დააკავეს ასობით ადამიანი. პარლამენტის თავმჯდომარემ კი თანამდებობა მხოლოდ სისხლიანი ღამიდან მეორე დღეს დატოვა.