logo
ENG



20 ივნისს ეს ამბები არ უნდა გამოტოვო

20 ივნ 202010:02
3 წუთის საკითხავი
 
dgnh5vu5ckartni.png
ფორმულას საინფორმაციო გამოშვებების ციფრული და სოციალური მედიის გუნდი გთავაზობთ 20 ივნისის მნიშვნელოვან მოვლენებს

20 ივნისიდან 20 ივნისამდე

დღეს, 19:00 საათზე, „სირცხვილიას“ ორგანიზებით პარლამენტთან აქცია სახელწოდებით „ერთად ოკუპაციის წინააღმდეგ“ გაიმართება. აქციის მონაწილეები 2019 წლის სისხლიანი მოვლენებიდან 1 წლის შემდეგ, ისევ იმავე ლოკაციაზე შეიკრიბებიან და ოკუპაციას დაგმობენ. 

პანდემიის გამო აქცია ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დაცვით ჩაივლის. რუსთაველის გამზირზე მისული ადამიანები დაიცავენ სოციალურ დისტანციას და აქციის  ყველა მონაწილეს ეკეთება პირბადე. 

„დაიცავით 2 მეტრიანი სოციალური დისტანცია (ამისთვის დაგახვედრებთ სტიკერებს); მობრძანდით პირბადით, ვეცდებით ჩვენც დავურიგოთ მათ, ვისაც არ ექნება“ - ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.

რუსთაველის გამზირზე დაგეგმილი საპროტესტო აქციის გამო, დღეს, 14:00 საათიდან სატრანსპორტო მოძრაობა დროებით შეიზღუდება.

2019 წლის 20 ივნისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი ოკუპანტი ქვეყნის  დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა დაიკავა . გავრილოვს მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეას სხდომა მიჰყავდა. სწორედ გავრილოვის მიერ სპიკერის სავარძლის დაკავებამ გამოიწვია საზოგადოების მწვავე პროტესტი და მომდევნო 24 საათის განმავლობაში განვითარებული მოვლენები.

1 წელი „გავრილოვის ღამიდან"

▪️ 20 ივნისის სისხლიანი ღამიდან ერთი წელი გავიდა ▪️ ოკუპაციას ერთი წლის შემდეგ კვლავ პარლამენტთან გააპროტესტებენ. თქვენ მიდიხართ აქციაზე?

 

პარლამენტის შენობასთან შეკრებილი აქციის მონაწილეები პოლიციამ ცრემლმდენი გაზისა და რეზინის ტყვიების გამოყენებით დაშალა. დაშავდა 200-ზე მეტი ადამიანი. აქციის დაშლის დროს რამდენიმე მოქალაქემ თვალი დაკარგა. სპეცრაზმელების ტყვიებისგან  დაიჭრა 30-მდე ჟურნალისტი.

 

ჭავჭავაძის გამზირზე დღეიდან საგზაო მოძრაობა სრულად აღდგება

თბილისის მერიის ინფორმაციით, ვაკის რაიონში, ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების ძირითადი ნაწილი დასრულებულია და დღეიდან საგზაო მოძრაობა სრულად აღდგება

დეტალური ინფორმაციისთვის, ნახე თბილისის მერიის განცხადება 

 

ჭავჭავაძის გამზირზე ხვალიდან საგზაო მოძრაობა სრულად აღდგება

19 ივნ 202021:27 თბილისის მერიის ინფორმაციით, ჭავჭავაძის გამზირზე ხვალიდან საგზაო მოძრაობა სრულად აღდგება. „ფორმულა" განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: „ ვაკის რაიონში, ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების ძირითადი ნაწილი დასრულებულია. ხვალიდან გამზირზე საგზაო მოძრაობა სრულად აღდგება.

 

ბელარუსში წინასაარჩევნოდ გამართულ პროტესტზე დემონსტრანტები დააკავეს

ასობით ადამიანი მინსკის ცენტრში საპრეზიდენტო არჩევნებში ალექსანდრ ლუკაშენკოს კვლავ მონაწილეობის გასაპროტესტებლად შეიკრიბა - დემონსტრაციები კი აქციის მონაწილეების დაკავებით დასრულდა.

ლუკაშენკო, რომელიც ბელარუსს 1994 წლის შემდეგ მართავს, ქვეყნის სათავეში მეექვსე ვადით მოსვლას გეგმავს. ოპოზიციის კანდიდატები მხარდამჭერთა ხელმოწერებს აგროვებდნენ, როდესაც სამართალდამცველებმა მათი დაკავება დაიწყეს.

აქციის მონაწილეების გარდა, დაპატიმრებულთა შორის აღმოჩნდა 10-ზე მეტი ჟურნალისტი, მათ შორის რადიო თავისუფლების კორესპონდენტიც.

ვაშინგტონში კონფედერატი გენერლის, ალბერტ პაიკის ძეგლი ჩამოაგდეს და დაწვეს

აშშ-ში მონათმფლობელობის გაუქმების 155-ე წლისთავი მოქალაქეებმა დემონსტრაციებით აღნიშნეს. ვაშინგტონში მათ ჩამოაგდეს და ცეცხლი წაუკიდეს კონფედერაციის გენერლის, ალბერტ პაიკის ძეგლს.

via GIPHY

 

მომხდარს მალევე გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ფაქტს „სასირცხვილო“ უწოდა. ტრამპმა აგრეთვე გააკრიტიკა ვაშინგტონის პოლიცია და საკუთარი საქმის შეუსრულებლობაში დაადანაშაულა.

COVID-19 საქართველოსა და მსოფლიოში

საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 2-ით გაიზარდა, ხოლო გამოჯანმრთელდა კიდევ 11 ადამიანი.

898 დადასტურებული შემთხვევა, მათგან 752 გამოჯანმრთელებული და 14 გარდაცვლილი - ასეთია საქართველოში კორონავირუსის გავრცელების ბოლო მაჩვენებელი. სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ 256 პაციენტი რჩება, კარანტინში კი 2891 პირი.

ეზუგბაია: 3 ახალი შემთხვევიდან 1 არის სატვირთოს მძღოლი, 2 - დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი

20 ივნ 202011:13 ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარიანა ეზუგბაიას განცხადებით, ბოლო 24 საათის განმავლობა დაფიქსირებული 3 შემთხვევისგან ერთი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია, ხოლო 2 - დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი. რაც შეეხება თბილისის ინფექციურ კლინიკას, როგორც ეზუგბაია აცხადებს, კლინიკას გუშინ ახალი შემთხვევა არ მიუღია, ამ ეტაპისთვის კვლევა ერთ პაციენტზე მიმდინარეობს.

 

მსოფლიოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვმა 8,7 მილიონს გადააჭარბა. მათგან, ვირუსი 4.6 მილიონზე მეტმა პაციენტმა უკვე დაამარცხა. დაღუპულთა საერთო რაოდენობა 462 ათასს აღემატება. ამ დროისთვის 54 800-ზე მეტი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოზული ან კრიტიკულია.

ეპიდსიტუაცია კრიტიკულია ბრაზილიაში, სადაც ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 54 700-ზე მეტი შემთხვევა დაფისქრიდა. შედეგად, COVID19-ის დადასტურებული შემთხვევების რიცხვმა ქვეყანაში მილიონს გადააჭარბა (აშშ-ის შემდეგ, ამ მაჩვენებლით ბრაზილია მეორე ადგილს იკავებს მსოფლიოში). გარდაცვლილია 49 000-ზე მეტი ადამიანი.

20 ათასს აჭარბებს კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა მექსიკაში. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ინფექციით 647 ადამიანი გარდაიცვალა და გამოვლინდა 5 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა. ქვეყნის მასშტაბით, კოვიდინფქცია სულ 170 000 ადამიანს დაუდასტურდა.

 

 

 


close დახურვა