არასამთავრობო ორგანიზაციები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალ კანონპროექტს აკრიტიკებენ. უწყებამ პარლამენტში კანონპროექტი დაარეგისტრირა, რომლის მიხედვითაც სუს-ს ექნება წვდომა ყველა საჯარო უწყებისა და ზოგიერთი კერძო კომპანიის სერვერებზე.
მესამე სექტორში ამბობენ, რომ კიბერუსაფრთხოების შესახებ კანონი, საფრთხეებს შეიცავს, ოპოზიციაში კი, უწყებებს შორის კონფლიქტზე საუბრობენ.
„ეს არის ტოტალური კონტროლის რისკი. სუს-ს ექნება დაუბალანსებელი ძალაუფლება სისტემაზე. დიდი ალბათობთ ეს იქნება პარლამენტი, ეროვნული ბანკი და ყველა სხვა სახელმწიფო უწყება, რომლის ინფორმაციული სისტემებიც ქვეყნის განვითარებისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია. თუ ამ ყველა ბერკეტს გადავცემთ ერთ უწყებას, რომელსაც მეორე მხრივ აქვს პირდაპირი ინტერესი, რომ მაქსიმალურად მეტი ინფორმაცია დაამუშაოს, ბუენბრივია ეს საფრთხის შემცველი იქნება“, - განაცხადა „კიბერ ჰაუსის“ დამფუძნებელმა, დავით აღნიაშვილმა.
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენლის, მარიამ გოგოსაშვილის თქმით, კანონპროექტი ქმნის რისკებს, რომ პერსონალური ინფორმაცია და კომერციული საიდუმლოებები დაუცველი გახდეს.
„არებობს რისკი, მოხდეს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევის და პირად ცხოვრებაში უკანონო ჩარევის, ვინაიდან ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოს ექნება წვდომა საჯარო უწყებების ინფორმაციულ სისტემებზე, ასევე სატელეკომუნიკაციო კომპანიების ინფორმაციულ სისტემებზე და იქ დაცულ პერსონალურ მონაცემებსა და კომერციულ საიდუმლოებებზე“, - განაცხადა გოგოსაშვილმა.
კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებული კანონპროექტი, რომელიც სუს-ის მიერ არის მომზადებული, პარლამენტში თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა დაარეგისტრირა. აღსანიშნავია, რომ კანონპროექტს თან არ ახლავს მთავრობის დადგენილება, დასკვნა, რომელიც ასეთი კანონპროექტის რეგისტრაციის დროს აუცილებელია.
