„თალაკვაძეს შევხვდი და ვუთხარი როგორ შეიძლება დაიწიოს ქვეყანაში პოლიტიკურმა ტემპერატურამ, - ამ განცხადებას პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ წარმომადგენელი იაგო ხვიჩია ხელისუფლებასთან ინდივიდუალურ შეხვედრებთან დაკავშირებით აკეთებს.
მისი განცხადებით, შეხვედრის ინიციატორი არჩილ თალაკვაძე იყო, რომელსაც მისი მოსაზრება აინტერესებდა ქვეყანაში არსებული მძიმე პოლიტიკური სიტუაციის განსამუხტად.
გირჩის წარმომადგენელის განცხადებით თალაკვაძეს უთხრა, რომ დიალოგის აღსადგენად პოლიტიკური პატიმრების ციხიდან გამოშვება და „ქართული ოცნების“ მიერ დაპირებული პროპორციული არჩევნების შესრულებაა საჭირო.
„არჩილ თალაკვაძე შემეხმიანა და მითხრა, რომ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ჩემთან შეხვედრა უნდოდა. შევხვდით და ჩემი მოსაზრება ვუთხარი თუ როგორ შეიძლება დაიწიოს ქვეყანაში პოლიტიკურმა ტემპერატურამ. ვუთხარი ჩემი აზრი ტემპერატურის დაწევასთან დაკავშირებით, რომ ამისთვის აუცილებელია ლაპარაკის დაწყება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. როდესაც არ ვლაპარაკობთ მაშინ ტემპერატურა მაღლა იწევს და საბოლოო ჯამში გვაქვს პოლარიზებული საარჩევნო გარემო. ამის აღმოსაფხვრელად საჭიროა ის, რომ ერთმანეთს არ ვიჭერდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან და არ გვყავდეს პოლიტპატიმრები იმიტომ, რომ უხერხულია, როცა ვიღაცები ციხეში სხედან შენ ლაპარაკობდე ქვეყნის კეთილმოწყობაზე და მეორე პირობა იყო დანაპირების შესრულება, კერძოდ პროპორციული არჩევნების შესრულება. ლაპარაკის აღსადგენად აუცილებელია დაჭერილი ხალხი გამოუშვან გარეთ და მეორე დავიწყოთ ფიქრი ქართული ოცნების დაპირების შესრულებაზე, რათა ნდობა აღდგეს. ახალი არაფერი არ მითქვამს რასაც საჯაროდ არ ვლაპარაკობდით. იცით, რომ ოპოზიციას სანამ გიგი უგულავას დაიჭერდნენ მანამდეც ჰქონდა შესათავაზებლად ვერსია, რომელიც არ იყო პროპორციული, იყო შერეული სისტემით, ოღონდ მაჟორიტარების ნაკლები რაოდენობით, რაც ახლოს იყო პროპორციულ სისტემასთან. ავუხსენი, რომ ამ გზით სერიოზულად სიარული სწორი მიმართულება იქნებოდა“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
კითხვაზე, რატომ გახდა ინდივიდუალური შეხვედრა საჭირო და შეიტანს თუ არა ეს შეხვედრა ბზარს გაერთიანებული ოპოზიციის გეგმებში, იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ თუ მისი ვინმესთან შეხვედრა არღვევს ოპოზიციურ ერთობას, ოპოზიციური ერთობა ისედაც არ ყოფილა მყარი.
„ვინაიდან მე არ ვყოფილვარ ამ შეხვედრის ინიციატორი ვერ გიპასუხებთ რატომ გახდა ეს შეხვედრა საჭირო. თუ ოპოზიციურ ერთობას არღვევს ჩემი ვიღაცასთან შეხვედრა, მაშინ ოპოზიციური ერთობა ისედაც არ ყოფილა მყარი. არც მიფიქრია, რომ ოპოზიციის ერთობას მსგავსი რამე დაემართებოდა ჩემი ვიღაცასთან შეხვედრით“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
ზურაბ ჯაფარიძე კი აცხადებს, რომ მმართველ პარტიასთან შეხვედრაში ტრაგიკულს ვერაფერს ხედავს იმ მიზეზით, რომ „გირჩი“ არანაირ ბენეფიტებზე არ გაყიდის საკუთარ პოზიციას. პარტია რჩება ოპოზიციური სპექტრის საერთო ფორმატში და გამორიცხავს ოპოზიციური ერთობის დაშლას.
„კითხვის ნიშნები გაჩნდა იმიტომ, რომ არსებობს წარსულის რაღაც კრამები, რომელიც გამოყოლილი აქვთ. ამის გამო ნებისმიერ კონტაქტი ეჭვებს აჩენს. მგონია, რომ სასაცილოა ეს ამბავი. ოპოზიციის ერთიანი სადისკუსიო ფორმატი ისაა, რომ ერთმანეთს არ დავუყენოთ მაჟორიტარები ერთმანეთის წინააღმდეგ. ვერ დადგება რეალობა, რომ კონკურენტები დავაყენოთ. არ არის იმის მოცემულობა, რომ დიალოგის ფორმატი გაიხსნას „გირჩსა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის. პრობლემა ის არის, რომ პარტიები მოძრაობენ იმ სურვილით, რომ ბენეფიტები მიიღონ. ეგ არის ოცნების მცდელობა, რომ ამ ბენეფიტებიდან რაღაც შესთავაზოს ხალხს - რომც მივიღოთ „გირჩმა“ ეგეთი სტატუსი, არ მივიღებთ ამას, ჩენ ამას ყოველთვის ღიად ვამბობდით. მე შემიძლია ვიმსჯელო, რა ატმოსფეროც იყო ბოლოს ლეიბორისტების ოფისში - წარმოუდგენელი მგონია ამ ეტაპზე რაიმე სახით დაშლა ოპოზიციის რიგებში. მაგრამ თუ ვინმე გამოჩნდება ასეთი და მმართველი პარტია იტყვის, რომ იპოვეს კონსტრუქციული ოპოზიცია, იცოდეთ, რომ ისინი იყიდეს", - აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე.
