"შავი ხვრელი მაღალი დონის კორუფციისთვის" - გასულ წელს ერთ ლარად 85 მილიონი ლარის სახელმწიფო ქონება გასხვისდა, ტენდერისა და აუქციონის გარეშე, პირდაპირი გადაცემის ფორმით. აქედან ყველაზე მეტი - 65 მილიონი ლარის ღირებულების ქონება საინვესტიციო ვალდებულებების განხორციელების სანაცვლოდ გადაეცა ერთ კომპანიას, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ინიციატივის საპასუხოდ, ელექტრომობილებს აწარმოებს. ეს მანქანები კი სავარაუდოდ არაფორმალური მმართველის კომპანიების მიერ შეძენილი აბასთუმნის ტერიტორიაზე ივლის.
სახელმწიფო ქონების გასხვისების პროცესმა, რომელიც კორუფციის რისკებს შეიცავს, 2019 წელს ბოლო ხუთი წლის რეკორდი მოხსნა. 2019 წელს სახელმწიფომ ერთ ლარად 85 მილიონ დოლარამდე ღირებულების მიწის ნაკვეთი გაყიდა, საინვესტიციო ვალდებულებით. „ორბი ჯგუფი“, „ბახმარო“, „ნენსკრა ჰიდრო“, „შპს ბიგ სერვისი“ - ეს იმ კომპანიების მცირე ჩამონათვალია, რომელსაც მიწა და მასზე არსებული ნაგებობები ერთ ლარად გადაეცა. კითხვებს აჩენს ფაქტი, რომ გასხვისებული ქონების ღირებულების შესახებ ქონების მართვის სააგენტოში ინფორმაცია არ აქვთ. ამის მიზეზი კი ისაა, რომ პრივატიზებული ქონება არავის შეუფასებია.
ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ქონების ერთ ლარად გასხვისება „ქართული ოცნებისთვის“ ბიზნესზე ზეწოლის ერთ-ერთი გზაა. ისინი ამ პროცესში ივანიშვილის ბიზნეს ინტერესებზეც მიანიშნებენ.
