საქართველოს ხელისუფლებას ჯერ არ გადაუწყვეტია დაიწყებს თუ არა საერთაშორისო სამართლებრივ დავას რუსეთის წინააღმდეგ იმ მასშტაბური კიბერშეტევის გამო რომელიც 2019 წლის ოქტომბერში მოხდა. მთავრობა ერთხმად აღნიშნავს, რომ საერთაშორისო პარტნიორებთან კიბერუსაფრთხოების მიმართულებით თანამშრომლობენ, თუმცა მოითხოვენ თუ არა რუსეთის შეიარაღებული ძალების უკანონო ქმედებებზე რეაგირებას დღეს პრემიერსაც არ დაუკონკრეტებია.
უსაფრთხოების სპეციალისტები ხელისუფლებას რეაგირებისკენ მოუწოდებენ, მათი განცხადებით კიბერშეტევების მორიგი რაუნდი შესაძლოა საპარლამენტო არჩევნების პერიოდში კვლავ განმეორდეს.
კიბერშეტევის გარდა რუსეთი ჰიბრიდული ომის სხვა გზებსაც აქტიურად მიმართავს. რუსული პროპაგანდა და დეზინფორმაციის კამპანია ქვეყნის გამოწვევად რჩება. ამის გამო საკანონმდებლო ორგანოში მოკვლევის ჯგუფი შეიქმნა და რეკომენდაციები შეიმუშვა. თუმცა დოკუმენტი საგარეო საქმეთა კომიტეტმა კენჭისყრაზე ჯერ კიდევ ვერ გაიტანა.
ოპოზიციას არ აქვს მოლოდინი, რომ მმართველი გუნდი რუსული საფრთხეების გადასაჭრელად ქმედით ნაბიჯებს გადადგამს, მათი განცხადებით რუსეთის ქმედებები მათთვის ხელსაყრელია.
„ქართულ ოცნებაში“ კი ფიქრობენ, რომ ოპოზიციას ხელისუფლების პოლიტიკის გაკრიტიკების უფლება არ აქვს. მიზეზად კი წარსულ გამოცდილებას ასახელებენ.
ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპის ქვეყნების შემდეგ რუსეთის კიბერთავდასხმა საქართველოს წინააღმდეგ დაგმო ევროკავშირმაც. ორგანიზაციის განცხადებაში ნათქვამია, რომ წევრი ქვეყნები შეშფოთებას გამოთქვამენ.