ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ატილა მესტერჰაზი საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, განცხადებას აქვეყნებს.
მესტერჰაზი პორპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტის ჩაგდებისა და „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას დაპატიმრების გამო, წუხილს გამოთქვამს.
ის საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, ოპოზიციასთან დიალოგის განახლებისთვის სჭირო პირობები შექმნას და გასცეს გარანტია, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარდება.
„ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა აღიარებს საქართველოს ნატო-ში წევრობის მისწრაფებას და მხარს უჭერს მას ამ გზაზე, კერძოდ საქართველოს პარლამენტთან მჭიდრო დიალოგის და აქტიური თანამშრომლობით.
ამავდროულად, შეგახსენებთ, რომ ნატო აფუძნებდა დემოკრატიის, ინდივიდუალური თავისუფლებისა და კანონის უზენაესობის პრინციპებს. ამ პრინციპებისადმი პატივისცემა, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების, მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი სასამართლოს ჩათვლით, ალიანსში მიღების პროცესის განუყოფელი ნაწილია. მოახლოებული საპარლამენტო არჩევნები საქართველოსთვის ამ ღირებულებებისადმი ვალდებულების დემონსტრირების შესაძლებლობას წარმოადგენს.
სამწუხაროა ჩემთვის, რომ 2020 წლის არჩევნებისთვის სრულ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის დაპირება შარშან ნოემბერში არ შესრულდა. ეს იყო საქართველოს დემოკრატიისთვის უკან გადადგმული ნაბიჯი.
მეტ კითხვას და შეშფოთებას იწვევს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ბოლო დროინდელი გადაწყვეტილება ოპოზიციის ლიდერის გიგი უგულავას საქმესთან დაკავშირებით. ვშიშობ, გადაწყვეტილების ირგვლივ არსებული გარემოებები უფრო მეტად ზრდის პოლიტიკურ პოლარიზაციასა და დაძაბულობას და რისკის წინაზე აყენებს საარჩევნო რეფორმაზე მნიშვნელოვან პოლიტიკურ დიალოგს.
აქედან გამომდინარე, მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას შექმნას პირობები ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის დიალოგის განახლებისთვის, ქართველი ხალხის ნდობის აღსადგენად და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით ჩატარების უზრუნველსაყოფად. ყველაფერს გავაკეთებ, რომ ასამბლეამ გააგრძელოს საქართველოს მხარდაჭერა ამ პროცესში. მოუთმენლად ველი ნატო-საქართველოს საპარლამენტთაშორისო საბჭოს მომდევნო შეხვედრაზე ბოლოს განვითარებული მოვლენების განხილვას“, - ნათქვამია განცხადებაში.
