logo
ENG



ვერსიებს აქვს არსებობის უფლება, მაგრამ პრინციპული საკითხი პროპორციული არჩევნებია - ნათელაშვილი

26 თებ 202014:10
3 წუთის საკითხავი
 

შალვა ნათელაშვილმა ოპოზიციონერი მაჟორიტარების შესახებ გავრცელებულ სიაზე  გააკეთა განცხადება. როგორც „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი განმარტავს, არანაირი შეთანხმებული სია არ არსებობს.

შალვა ნათელაშვილის თქმით, მოლაპარაკებების ამ ეტაპზე ვერც იარსებებს სია, რადგან საპარლამენტო არჩევნების სისტემა არაა ჩამოყალიბებული. მისივე განცხადებით, პირველ ეტაპზე მოთხოვნა პროპორციული არჩევნებია და ბიძინა ივანიშვილის გუნდისგან სწორედ ამ დათმობას ელიან ოპოზიციაში.

„რა თქმა უნდა, ვერსიებს აქვს არსებობის უფლება, მაგრამ პრინციპული საკითხია - თუ ივანიშვილის რეჟიმი არ გამოაცხადებს პროპორციულ სისტემაზე გადასვლას და გამოეკიდება პარაზიტულ მაჟორიტარულ ინსტიტუტს, მაშინ რეჟიმს შეხვდება მრავალპარტიული ბლოკის რისხვა ყველა ოლქში. ნებისმიერი ოლქი შეიძლება გახდეს მისი ბედისწერა - წარმოდგენილნი იქნებიან ცნობილი ლიდერები, ვისაც პატივს სცემეს დასავლურ სამყაროში. ამიტომაც ტვინთხელი და კუნთმაგარი სპორტსმენების იმედზე ყოფნა არ უშველით. გაეყარონ ჩვენს ხალხს, მათგან მოტყუებულს, მშვიდობიანად. ის მილიარდები, რაც მათ წაართვეს ხალხს, დააბრუნონ - შეიქმნება ფონდი, რომელშიც ჩაირიცხება მოპარული ფული. შემდეგ კი ახლადარჩეული პარლამენტი ამ თანხებს მიმართავს მოსახლეობის კეთილდღეობისკენ. ამიტომ ეს საკითხი - პროპორციული თუ მაჟორიტარული  - არის ყოფნა-არყოფნის, ჩვენი ხალხის გადარჩენის საკითხი. ხალხი გადაიქცევა ხელისუფლების წყაროდ", - აცხადებს შალვა ნათელაშვილი.

ოპოზიციის ლიდერები ამბობენ, რომ გავრცელებული სია არ არის გაერთიანებული ოპოზიციის შეთანხმება ეკა ბესელია თქმით, ეს არის სია, რომელსაც ყველა ოპოზიციონერი არც დაუჭერს მხარს.

„გვარებს პარტიები ერთმანეთში არკვევენ, ეს არაა საერთო შეთანხმება. მე ნებისმიერ კანდიდატს ვერ დავუჭერ მხარს, რადგან შეიძლება კანდიდატის შეხედულებები ეწინააღმდეგება ჩემსას. ეს კანდიდატები, ალბათ, არის შიდაპარტიული შეთანხმების შედეგი. ვერ შევთანხმდებით მაჟორიტარებზე მანამ, სანამ არ გვეცოდინება, საერთოდ რამდენი მაჟორიტარი უნდა გვყავდეს", - აცხადებს ეკა ბესელია.

გირჩში" კი აცხადებენ, რომ პარტიებს შორის საერთო მაჟორიტარებზე შეთანხმება ჯერ ვერ მოხდებოდა, რადგან ამ კონკრეტულ საკითხზე არც დაწყებულა ჯერ საუბრები. როგორც იაგო ხვიჩია ამბობს, პარტიებმა მხოლოდ ის იციან, თავად ვის წარადგენენ მოლაპარაკებებში, თუმცა შეთანხმება არ არსებობს.

"არ ვყოფილვართ ჩართული ამ მოლაპარაკებებში - დაახლოებით, ვინ იქნება პარტიებიდან, ამაზე შეიძლება საუბრობდნენ ერთმანეთში, მაგრამ ისინი სადმე უკვე შერჩეული კანდიდატები არ არიან. ისე ვიცით, რომ ყველა პარტია საუბრობს იმაზე, ვინ რას ფიქრობს მაჟორიტარ კანდიდატებზე", - აცხადებს იაგო ხვიჩია.


close დახურვა