logo
ENG



უკრაინამ კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის, ტისას სასაზღვრო პუნქტზე მკაცრი რეგულაციები შემოიღო

26 თებ 202020:35
3 წუთის საკითხავი
 

უკრაინა-უნგრეთის საზღვარზე ყველა მგზავრს ამოწმებენ. უკრაინის ხელისუფლებამ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ტისას სასაზღვრო პუნქტზე მკაცრი რეგულაციები შემოიღო. ყოველკვირას ამ საგუშაგოს იტალიიდან მიმავალი 500-მდე სამგზავრო ავტობუსი კვეთს.

ევროპის ქვეყნებს შორის კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა სწორედ იტალიაშია გამოვლენილი. გარდაცვლილია 12 ადამიანი. 360 დაინფიცირებულს შორის 4 ბავშვია. იტალიიდან დაბრუნებულ მოქალაქეებს დაუდასტურდათ ვირუსი ესპანეთსა და საბერძნეთში, სადაც საშიში დაავადება სალონიკის კლინიკაში 38 წლის ქალს დაუდგინეს. 

იტალიაში მოგზაურობის შემდეგ დაინფიცირდა კორონავირუსით ესპანეთის ორი მოქალაქეც. ისინი მკურნალობის კურსს მადრიდის კლინიკაში გადიან. 4 შემთხვევა დადასტურდა ტენერიფეს სასტუმროში. საშიში ვირუსი იტალიელ ტურისტებს აღმოაჩნდათ. 700 ამდე სტუმარს სასტუმროს დატოვების უფლებას არ აძლევენ. 

კორონავირუსით უკვე მეორე ადამიანი გარდაიცვალა საფრანგეთში. 15 თებერვალს ჩინეთის, დღეს კი საფრანგეთის მოქალაქე დაიღუპა. ის პირველი ფრანგია, რომელიც საშიშ ინფექციას ემსხვერპლა. 

18-მდე გაიზარდა დაინფიცირებულთა რიცხვი გერმანიაშიც. საშიში ვირუსი დღეს ორ მოქალაქეს დაუდგინეს. კარანტინი გამოცხადდა კიოლნის სამხედრო ბაზაზე, რადგან ერთ-ერთ ჯარისკაცს სავარაუდოდ კორონავირუსით დაინფიცირებულ ადამიანთან კონტაქტი ჰქონდა. კოვიდ 19 აღმოაჩნდა ამერიკელ ჯარისკაცს სამხრეთ კორეის სამხედრო ბაზაზეც, სადაც ასევე კარანტინი გამოცხადდა. დროებით დაიხურა ვენაში, გაეროს ოფისი. ერთ-ერთ თანამშრომელს ვირუსის მსგავსი სიმპტომები აღენიშნებოდა. 

ირანში, სადაც საშიში ინფექციის მსხვერპლთა რიცხვი 19-მდე გაიზარდა, ხელისუფლებამ სადამსჯელო ზომების გატარება დაიწყო. კორონავირუსის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელების ბრალდებით 24 პირი დააკავეს. ასზე მეტმა ინტერნეტ მომხმარებელმა კი მკაცრი გაფრთხილება მიიღო.

 


close დახურვა