„მივიღეთ ლუგარის დასკვნა, რომ საქართველოში დაფიქსირდა კორონავირუსის პირველი შემთხვევა,“ - ამის შესახებ განცხადება საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინა ტიკარაძემ გააკეთა. მისივე თქმით, ვირუსი საქართველოს მოქალაქეს დაუდგინდა, რომელიც გუშინ აზერბაიჯანის გავლით ირანიდან საქართველოში შემოვიდა.
ტიკარაძის განცხადებით, მებაჟეებს, რომლებმაც კორონავირუსით დაინფიცირებული ადამიანი შეამოწმეს, შემოწმება უტარდებათ, რომლის შემდეგაც საკარანტინო სივრცეში იქნებიან გადაყვანილი.
„მივიღეთ ლუგარის ლაბორატორიიდან დასკვნა, რომ საქართველოში დაფიქსირდა კორონავირუსის პირველი შემთხვევა. ვირუსი საქართველოს მოქალაქეს დაუდგინდა, რომელიც გუშინ შემოვიდა საქართველოში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან, ის გადაყვანილი იქნა ინფექციურ საავადმყოფოში. საბაჟო ზოლზე შემოწმებული იქნა მოქალაქე, ვახორციელებთ ამ მებაჟეების შემოწმებასაც, რომლებმაც ამ ადამიანის შემოწმება განხორციელდეს. ისინი გადაყვანილი იქნებიან საკარანტინო სივრცეში. ამ ეტაპისთვის პაციენტი მოთავსებულია ინფექციურ საავადმყოფოში, მის ჯანმრთელობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება. ჩვენი მთავრობა მიმართავს ყველა ზომას, რომ საქართველოში არ გვქონდეს კორონავირუსის ეპიდემია“, - განაცხადა ტიკარაძემ.
ეკეტერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის დაფიქსირების გამო, ირანთან საზღვარი ორი კვირით ჩაიკეტება.
„პრემიერთან შეხვედრის დროს გადაწყდა. ჩვენ არ გვაქვს პირდაპირი სახმელეთო საზღვარი ირანთან, მაგრამ ქვეყანაში ირანის მოქალაქეების შემოსვლა, ისევე როგორც საქართველოს მოქალაქეების გასვლა, ორი კვირით აიკრძალება“ - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, პირს, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა შესაბამისი მკურნალობა უტარდება.
„პირველი შემთხვევა დადასტურდა. ერთი საათის წინ დასრულდა ლაბორატორიული კვლევა. რათა სრულად ვყოფილიყავით აღნიშნულში დარწმუნებულები, ეს რეაქცია ჩვენ გავიმეორეთ სამჯერ. საუბარია საქართველოს მოქალაქეზე, რომელიც მოგზაურობდა ირანში, დაბრუნდა საქართველოში და მას ჩაუტარდა შესაბამისი კვლევები. მოგეხსენებათ, მას შემდეგ რაც ვირუსის აფეთქება დაიწყო ჩინეთში, სამწუხაროდ დღეს უკვე სხვა ქვეყნებშიც გავრცელდა. მათ შორისაა ირანი, სადაც დღეის მდგომარეობით 19 გარდაცვლილია და 85 ინფიცირებული“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.