გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში დახურულ შეხვედრას მართავენ.
შეხვედრის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი, დათანხმდება თუ არა ოპოზიცია მმართველი გუნდის შეთავაზებას.
შეხვედრის დაწყებამდე, ოპოზიციის ლიდერები აცხადებენ, რომ მათთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, პატიმრობაში მყოფი პოლიტიკოსები გათავისუფლდნენ და საარჩევნო სისტემა პროპორციულობის პრინციპს მაქსიმალურად დაუახლოვდეს.
„შეთანხმების და ნორმალიზაცია ვერ მოხდება ორივე კომპონენტის დაკმაყოფილების გარეშე. ეს არის პოლიტიკური პატიმრები, დევნა და არსებითად პროპორციული სისტემა, რაც არის 130/20-ზე. რაც შეეხება იმას, ნორმალიზაციის გარეშე თუ შემოაგდებენ 130/20-ზე ვარიანტს, ნაკლებად სავარაუდოა, რადგან უგულავაც იმიტომ დაიჭირეს და პოლიტპატიმრებსაც იმიტომ არ უშვებენ, რომ ამ ტიპის ნორმალიზაცია არ უნდათ“, - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგა ბოკერიამ.
მმართველი გუნდის წინადადება მიუღებელია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერისთვის. გრიგოლ ვაშაძე კიდევ ერთხელ ასახელებს იმ მოთხოვნებს, რომლებსაც ოპოზიცია ხელისუფლებას უწესებს.
„ის იდეები, რომელიც იქნა განხილული არაფორმალურ შეხვედრებზე, მიუღებელია „ნაციონალური მოძრაობისთვის“ და წინასწარ ვიცი, რომ მთლიანად ოპოზიციისთვისაც. შეთავაზება ოფიციალური მოხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ხელისუფლების წარმომადგენელი ბრიფინგზე ყველა დეტალს გააჟღერებს, თუ რა არის მათ შეთავაზებაში. ოპოზიციის მოთხოვნები უცვლელია - მაქსიმალურად პროპორციული ან მაქსიმალურად პროპორციულთან დაახლოებული არჩევნები, უპირობო გათავისუფლება პოლიტპატიმრების და იმ წარმოებული საქმეების შეწყვეტა, რომელიც საქართველოს მოქალაქის, საზოგადოების და ოპოზიციის თვალში, არის პოლიტიკური დევნა“, - განაცხადა ვაშაძემ.
მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში „ქართულ ოცნებასთან“ შეთანხმებას გამორიცხავს პარტია „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძეც.
„პოლიტპატიმრები არიან გამოსაშვები, პოლიტიკური დევნა არის შესაწყვეტი, სხვა შემთხვევაში საუბარი რაიმე საარჩევნო სისტემაზე მგონია რომ აზრს მოკლებულია. ვინც არიან გარეთ შეიძლება ისინიც დაიჭირონ მერე, გამოვა რომ შეთანხმებული ვიქნებით და ყველა იქნება ციხეში. იმ სისტემაში, რაზეც ბოლოს იყო საუბარი, ისეთი ხვრელია, რომ შეუძლიათ დამოუკიდებელი მაჟორიტარების პარტია გააკეთონ და ზუსტად იგივე სისტემას მივიღებთ, რაც დღეს გვაქვს“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში დღეს მმართველი გუნდის ლიდერები შეიკრიბნენ და საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით იმსჯელეს. შეხვედრის დასრულების შემდეგ მათ აღნიშნეს, რომ დიალოგის გასაგრძელებლად ყველა პირობა დააკმაყოფილეს. კერძოდ, მათი დღევანდელი შეთავაზება არჩევნების 110/40-ზე პრინციპით ჩატარებას და 40%-იანი ბარიერის დაწესებას გულისხმობს. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ პოლიტიკური პარტია საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა ხმების 40%-ზე ნაკლებს მიიღებს, ის მთავრობის ფორმირებას ვერ შეძლებს.
