
გიორგი ვაშაძე არჩილ თალაკვაძის განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ პარტნიორებს უფრო ადეკვატური პასუხები უნდა გასცეს. „ახალი საქართველოს“ ლიდერის თქმით, ხელისუფლება ვერ დაშლის ოპოზიციურ ერთობას და ვერ დაითანხმებს დაჭრილ მაჟორიტარულ ოლქებზე.
„უკვე მერამდენედ ჩანს, რომ ოცნების მიზანია ოპოზიციის ერთიანობის დარღვევა, მაგრამ ეს არ გამოსდით არანაირად. ეს კოვზი უკვე ნაცარშია ჩაგდებული. თუ ნულპროცენტიანია ოპოზიცია, რატომ ეშინიათ არჩევნების? დანიშნონ პროპორციული არჩევნები და მოიგონ. ციფრების თამაშით ხალხს ატყუებენ. თურმე ამერიკის ხმამ არ იცის ინგლისური და მარტო ამათ იციან. ვიცოდით, რომ ამ განცხადებებს გააკეთებდნენ. ჩენ ვიმოქმედებთ ჩვენი სტრატეგიის მიხედვით. ოპოზიცია შეთანხმდა, რომ ყველაფერზე უნდა ვითანამშრომლოთ. მალე სასამართლო ხელისუფლების შესახებ შეთანხმებას მოვაწერთ ხელს, რადგან ჩვენ ქვეყანაზე ვფიქრობთ. გონს მოეგოს მთავრობა და ნუ ფიქრობენ მხოლოდ სკამებზე, მათ მოუწევთ ოპოზიციაში გადასვლა და, მათგან განსხვავებით, ჩვენ დევნას არ დავუწყებთ. არცერთი ოპოზიციური პარტია არ დათანხმდება ამ თქვენს მაჟორიტარული ოლქების ჭრა-კერვას - ამას სჯობს, ლოგიკური, ადეკვატური წინადადებები წამოაყენოთ. ადეკვატურად უპასუხეთ საზოგადოებას, ხალხს, რომელიც დაიღალა უსუსური ხელისუფლების ყურებით", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
პარლამენტის თავჯდომარე დღეს ადამ კინზინგერის განცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მისი განცხადება ოპოზიციის ნაწილის მხრიდან არასწორად იყო გადათარგმნილი, მისივე თქმით, ამერიკა არასოდეს დაუჭერს მხარს ისეთი პოლიტიკური პარტიის ხელისუფლებაში მოსვლას, რომელსაც საზოგადოების მხრიდან მხარდაჭერა არ აქვს.
აქვე შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში მმართველი გუნდის ლიდერები შეიკრიბნენ და საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით იმსჯელეს. შეხვედრის დასრულების შემდეგ მათ აღნიშნეს, რომ დიალოგის გასაგრძელებლად ყველა პირობა დააკმაყოფილეს. კერძოდ, მათი შეთავაზება არჩევნების 110/40-ზე პრინციპით ჩატარებას და 40%-იანი ბარიერის დაწესებას გულისხმობს. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ პოლიტიკური პარტია საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა ხმების 40%-ზე ნაკლებს მიიღებს, ის მთავრობის ფორმირებას ვერ შეძლებს.