რუსეთის მიერ საქართველოზე განხორციელებულ კიბერთავდასხმაზე გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე განცხადება ესტონეთმა, შეერთებულმა შტატებმა და ბრიტანეთმა გააკეთეს. ერთობლივ განცხადებაში, რომელიც დახურული სხდომის შემდეგ გავრცელდა, ნათქვამია, რომ ეს კიბერთავდასხმა სამხედრო დაზვერვის სამსახურმა „გრუმ" ქართველი ხალხის ცხოვრებისთვის ზიანის მისაყენებლად და უთანხმოების დასათესად განახორციელა.
„ფორმულა“ ესაუბრა გენერალ ჯეიმს ჯონსს, რომელიც ევროპაში მოკავშრეთა ძალების მთავარსარდალი და ამერიკის შეიარაღებული ძალების ევროპული სარდლობის მეთაური იყო. გენერალი ჯონსი ამბობს, რომ შეერთებულ შტატებს განვითარებული აქვს ეფექტური საშუალებები, კიბერთავდასხმებთან შესაწინააღმდეგებლად.
„დღეს ბაზრებზე არსებობს ძალიან საინტერესო ტექნოლოგიები და კმაყოფილი ვარ, რომ შეერთებულმა შტატებმა ეს ტექნოლოგიები განავითარა. ვფიქრობ, ამ საშუალებების ექსპორტი იქნება შესაძლებელი. ამ შემთხვევაში ისეთი ქვეყნები, როგორც საქართველოა, 100%-ით შეძლებენ ქსელების უსაფრთხოების დაცვას, რომ შეღწევა ვერავინ შეძლოს, "- განაცხადა ჯონსმა.
საქართველოში მომხდარ მასშტაბურ კიბერთავდასხმაზე, რამდენიმე დღის წინ, ვაშინგტონში მყოფმა ესტონეთის თავდაცვის მინისტრმაც ისაუბრა. იური ლუიქმა განაცხადა, რომ დღეს უკვე შესაძლებელია კიბერთავდასხმაში დამნაშავეთა იდენტიფიცირება. მათი ვინაობა დაფარული აღარ იქნება და საერთაშორისო თანამეგობრობა კიბერთავდასხმაში მონაწილეებს ყოველთვის გამოავლენს და დაადანაშაულებს.
ამავდროულად, გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე ესტონეთმა, დიდ ბრიტანეთთან და შეერთებულ შტატებთან ერთად გასული წლის ოქტომბერში, რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული კიბერშეტევა ერთხმად დაგმო.
როგორც გაეროში ესტონეთის ელჩმა განაცხადა, რუსეთის დაზვერვის მთავარი სამმართველოს მიერ საქართველოზე განხორციელებული კიბერშეტევის მიზანი უთანხმოების დათესვა და რიგითი ქართველების ცხოვრებაზე ზიანის მიყენების მცდელობა იყო.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2019 წლის 28 ოქტომბერს საქართველოზე ფართომასშტაბიანი კიბერშეტევა განხორციელდა. კიბერშეტების სახელმწიფო უწყებები და მედია ორგანიზაციები იყვნენ. სამინისტროს ინფორმაციით კიბერშეტევის შედეგად დაზიანდა ორგანიზაციების სერვერები, მართვისი სისტემა და მნიშვნელოვნად შეფერხდა მათი ფუნქციონირება.
საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას არაერთი ქვეყანა გამოეხმაურა და საქართველოს მხარდაჭერა გამოუცხადა.
ამერიკის შეერთებული შტატები განცხადებას ავრცელებს და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საგანგებოდ გამართულ ბრიფინგს ეხმაურება. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ამერიკის შეერთებული შტატები მოუწოდებს რუსეთს, შეწყვიტოს მსგავსი ქმედებები საქართველოში და სხვაგან.
რუსეთის კიბერთავდასხმა საქართველოს წინააღმდეგ დაგმო ევროკავშირმაც. ორგანიზაციის განცხადებაში ნათვამია, რომ წევრი ქვეყნები შეშფოთებას გამოთქვამენ, რადგან ამ თავდასხმამ კიბერსივრცეში სტაბილურობისა და უსაფრთხოების მიმართ უგულვებელყოფა აჩვენა.
დიდი ბრიტანეთის საელჩო განცხადებას ავრცელებს და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საგანგებოდ გამართულ ბრიფინგს ეხმაურება. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, გაერთიანებულმა სამეფომ, საქართველომ და საერთაშორისო პარტნიორებმა გამოაშკარავეს, რომ “გრუ” - რუსეთის სამხედრო დაზვერვის სამსახური - პასუხისმგებელია საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ რამდენიმე მნიშვნელოვან კიბერშეტევაზე.
საქართველოს ხმარდასაჭერი განცხადებები გაავრცელეს ლატვიამ, კანადის, რუმინეთის, მონტენეგროს, ნიდერლანდების, დანიის, ესტონეთის, პოლონეთისა, და ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებმა.
გარდა ამისა, განცხადება გაავრცელა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამაც, სადაც ნათქვამია, რომ აღნიშნული კიბერშეტევა რუსეთის მიერ საერთაშორისო ნორმების უხეში დარღვევა და საქართველოს მიმართ წარმოებული ჰიბრიდული ომის თვალსაჩინო გამოვლინებაა.
"საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ ოქტომბერში განხორციელებული კიბერთავდასხმა მიზნად ისახავდა ჩვენი სუვერენიტეტისადმი ძირის გამოთხრას", - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერი საქართველოში გასული წლის ოქტომბერში განხორციელებულ კიბერშეტევას.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა რუსეთის მიერ საქართველოზე განხორციელებულ კიბერშეტევაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ჯერ არ არის გადაწყვეტილი დაიწყება თუ არა საქმეზე გამოძიება.
ბრალდებას რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა. საუბარია კიბერშეტევის ბრალდებაზე, რაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანდრეი რუდენკომ სააგენტო РИА-სთან საუბრისას უარყო. მისი თქმით, რუსეთი საქართველოს საშინაო საქმეებში არასდროს არ ერეოდა და ამას არც ახლა აპირებს. რუდეკო აღნიშნულ ბრალდებაზე პასუხისმგებლობას თავად ქართულ მხარეს აკისრებს.