ცენზურის დაწესებასთან ერთად, ახლა აჭარის ტელევიზიის მენეჯმენტს საინფორმაციო სამსახურის ახალი ხელმძღვანელის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაზე პასუხისმგებლობას აკისრებენ. გიორგი აბაზაძე ამ დრომდე რჩება სამედიცინო დაწესებულებაში, ჟურნალისტები ამბობენ, რომ მასზე მორალურ წნეხს და ზეწოლას ტელევიზიის დირექცია ახდენს.
თავად აბაზაძეს მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნისთანავე უთანხმოება ჰქონდა თანამშრომლებთან, ჟურნალისტებისთვის ახალი უფროსი მიუღებელია მისი ჰომოფობიური განცხადებების გამო. აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე პროცესებს დამოუკიდებელ მედიის შევიწროვებად განიხილავს ევროპის საბჭო. სპეციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევა უნდა შეწყვიტოს.
აჭარის მაუწყებლის ახალმა დირექტორმა ცოტა ხნის წინ კიდევ ერთი გადაწყვეტილება მიიღო და მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანს თეონა ბაკურიძეს უფლებამოსილება დროებით შეუჩერა.
„აჭარის“ მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი აბაზაძე სამედიცინო დაწესებულებაში გულის არითმიით მენეჯმენტთან შეხვედრის შემდეგ გადაიყვანეს. ჟურნალისტები პასუხისმგებლობას ტელევიზიის დირექტორს აკისრებენ და ვარაუდობენ, რომ აბაზაძე ზეწოლის მსხვერპლია. ჟურნალისტი თეონა ბაკურაძე, რომელიც სამსახურიდან გათავისუფლებას ელოდება - არ გამორიცხავს, რომ მენეჯმენტი აბაზაძის ჯანმრთელობის მდგომარეობას კრიტიკული ჟურნალისტების წინააღმდეგ გამოიყენებს.
პირი, რომელსაც მენეჯმენტმა საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოვალეობები ჩააბარა, ჟურნალისტების ნაწილისთვის მიუღებელია. მათთვის გიორგი აბაზაძე არაკვალიფიციური კადრია, ამასთანავე ის ქსენოფობიური და ჰომოფობიური განწყობებით გამოირჩევა. აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ალტერნატიული პროფკავშირი საგანგებო განცხადებას ავრცელებს და მენეჯმენტს დიალოგისკენ მოუწოდებს.
ადგილობრივი არასამთავრობოების შემდეგ აჭარაში მიმდინარე პროცესებს სპეციალური განცხადებით ევროპის საბჭოში გამოეხმაურნენ, მანამდე კი ტელევიზიაში პოლიტიკურ ზეწოლაზე „ჟურნალისტები საზღვრებს გარეშე“ წერდა. განცხადებაში საუბარია როდის და როგორ ჩამოაშორეს თანამდებობას მაია მერკვილაძე, შორენა ღლონტი და ნათია ზოიძე. ევროსაბჭო პირდაპირ მოუწოდებს ხელისუფლებას შეწყვიტოს დამოუკიდებელი მედიის კონტროლი.
აჭარის ჟურნალისტებთან ერთად კოალიცია მედია ადვოკატირებისთვის ომბუდსმენს სპეციალური განცხადებით მიმართავს და აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე პროცესების შესწავლისკენ მოუწოდებს. დღის ბოლო განცხადება, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის წევრებმაც გაავრცელეს.
პროცესი, რომ პოლიტიკურია ეჭვი, არც ოპოზიციაში ეპარებათ. ისინი პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ, საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან კი მორიგ კრიტიკულ წერილებს ელოდებიან. ბრალდებებს უარყოფენ „ქართულ ოცნებაში“.
პროცესი, რომელიც სიტყვის თავისუფლებასა და საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეას აზიანებს, აჭარის მაუწყებელში ნათია კაპანაძის იმპიჩმენტისა და გიორგი კოხრეიძის დანიშვნის შემდეგ დაიწყო. ჟურნალისტების მიერ შემქნილი ალტერნატიული პროფკავშირი სარედაქციო დამოუკიდებლობის დასაცავად გაფიცვისთვის ემზადება.