logo
ENG



ვაშაძე საარჩევნო სისტემაზე: შეთანხმებას ყავს გარანტორი - ოთხი წამყვანი დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი

09 მარ 202008:09
3 წუთის საკითხავი
 

მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის მიღწეულ შეთანხმებას ხელისუფლების ოპონენტები ეხმაურებიან. ოპოზიციის ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ ხელისუფლებას ძვირი დაუჯდება თუ ამ შეთანხმებასაც დაარღვევს, მეორე ნაწილს კი მიაჩნია, რომ შეთანხმებული მოდელი პროპორციულთან მიახლოებულია, თუმცა ეს მაინც არ არის ის რაც, მათ სურდათ. 

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში თუ ხელისუფლებამ მეორედ გატეხა სიტყვა, ეს მას ძალიან მძიმე შედეგებს მოუტანს.

„შეთანხმება არ მოხდებოდა, ჩვენ რომ არ ვიცოდეთ ზუსტად, რომ ამ შეთანხმებას ყავს გარანტორი. ეს  გარანტები არიან ჩვენი ფალსიფატორები - ოთხი წამყვანი დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი. რაც უფრო მთავარია საქართველოს მოქალაქე, რადგან საქართველოს მოქალაქის მიერ ეს შეთანხმება იყო ცალსახად პოზიტიურად აღქმული. ღმერთმა დაიფაროს თუ ხელისუფლებამ გადაწყვიტა სიტყვის გადათქმა, კიდევ უფრო მძიმე შედეგებს მოუტანს ხელისუფლებას ეს, ვიდრე მოუტანა პროპორციულზე უარის თქმამ“, - განაცხადა ვაშაძემ.

„დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს“ თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე კი მიიჩნევს, რომ ხელისუფლება მოცემულ ვითარებაში ადეკვატურად მოიქცა.

„ვფიქრობ, მაქსიმალური იქნა მიღწეული ამ ეტაპზე. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებამ სიტყვის გატეხვით მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა პირველ რიგში თავის თავი და შემდეგ თითოეული ჩვენგანი. დღეს ვიტყოდი, რომ ხელისუფლების მოქმედება იყო ადეკვატური. ასევე მნიშვნელოვნად მიმაჩნია პოლიტიკურ რეპრესიებთან და პოლიტიკურ პატიმრებთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმება“, - განაცხადა ბურჯანაძემ.

„გირჩის“ ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის თქმით კი, ოპოზიცია ამ შეთანხმებით კომპრომისზე წავიდა. 

„ოპოზიციის მოთხოვნა იყო სრულად პროპორციული არჩევნები და ამან გააერთიანა მთელი ოპოზიციური სპექტრი. ეს შეთანხმება, რომელიც ჩვენი დასავლელი პარტნიორების მედიაციით მოხდა, არის კომპრომისული ვერსია, რომელიც არის ძალიან ახლოს სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან. კომპრომისის შედეგია ეს და არა 100%-ით იმის მიღება, რასაც ოპოზიცია ითხოვდა“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, რომ 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები 120/30 სისტემით ჩატარდება, სადაც 120 დეპუტატი პროპორციული საარჩევნო სისტემით იქნება არჩეული, ხოლო 30 დეპუტატი მაჟორიტარი იქნება. 

გარდა ამისა, არჩევნები 1%-იანი ბარიერით ჩატარდება და იქნება 40%-იანი ჩამკეტი მექანიზმი, რაც ნიშნავს, რომ კონკრეტული პარტია მთავრობას იმ შემთხვევაში დააკომპლექტებს თუ ხმების 40%-ზე მეტს დააგროვებს.

 


close დახურვა